ახალი ამბები
დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზის ბიუროში შესაძლოა კომისია შედგეს
გორში, ჭალის დასახლებაში, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის გამომძიებლებმა დასახმარებლად სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექპერტიზის ბიუროს მიმართეს.

ამის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა აცნობეს.

პრეს-სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ეკა ჭუმბურიძის განცხადებით, გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ კონკრეტული კითხვების პასუხის მისაღებად, სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართა.

იგი არ გამორიცხავს, რომ ბიუროს ექპერტმაც კომისიური მუშაობა მოითხოვოს.

,,გამოძიების ფარგლებში სასამართლო სამედიცინო დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო ჭირდება. ამისთვის ექსპერტს გონივრული ვადა აქვს მიცემული. ჯერ არ ვიცით, ექსპერტი რას მოითხოვს? შეიძლება კომისიური მუშაობა დაჭირდეს. ამაზე, ჯერ საუბარი არ შეიძლება. როგორც კი, დაიდება დასკვნა, მაშინვე გადავუგზავნით გამოძიებას. ეს უახლოეს ერთ-ორ კვირაში არ მოხდება. ეკონტაქტეთ გამოძიებას," - აცხადებს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ჯერჯერობით, მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რატომ მისცეს საქმეს ასეთი კვალიფიკაცია, გამოძიებაც დუმს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 11 დეკემბერს, ჭალის დასახლებაში, გარდაცვლილი დედა და შვილი ბინაში იპოვეს. დედა, თამარ ავალიშვილი 54-წლის იყო, ხოლო შვილი - მარიამ ხოხაშვილი, 22-წლის. მეზობლის, იზოლდა ბერიანიძის განცხადებით, გარდაცვლილები, დილით, ბინაში ნახეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები