ახალი ამბები
ქარელელი ფერმერები ჩივიან, რომ პოლიეთილენის ნარჩენებს ადგილზე წვავენ
ქარელის მუნციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და ბიონარჩენების შემცირების თემაზე, ტრენინგი ჩაუტარეს.

ამის თაობაზე შეხვედრა მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ორგანიზება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა (CENN - მა) გაუწია.

ფერმერები ამბობენ, რომ მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლებს, მათ ტერიტორიაზე დაგროვებული პოლიეთილენის პარკები, ნაგავსაყრელზე არ მიაქვთ, რაც გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

,,პოლიეთილენის პარკები, ძირითადად, წვეთოვანი სისტემის დროს გამოიყენება. ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 700 ჰა-ზე ვრცელდება ეს პარკები, რომელიც მოსავლის აღებისთანავე ვარგისიანობას კარგავს. მყარი ნარჩენების კომპანია ნაგავზე მის განთავსებაზე უარს აცხადებს და ხშირად მისი დაწვა გვიხდება." - განაცხადეს შეხვედრაზე ფერმერებმა. მათი განცხადებით, მზად არიან ნარჩენები საკუთარი ხარჯებით გაიტანონ, თუმცა ამისთვის ტერიტორია არაა გამოყოფილი.

პრობლემებია, ასევე, სასუქების გამოყენების კუთხით, რადგან ნიადაგში და პროდუქტში ქიმიური ნივთირება დიდი რაოდენობით გროვდება. ამ მიმართულებით, ფერმერებს კონსულტაცია ბიოლოგმა ბესიკ კალანდაძემ გაუწია. მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით, მიწის დეგრადირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უმჯობესია ნიადაგი ბიოლოგიური სასუქით გამდიდრდეს.

,,ბიოლოგიური სასუქის მიღება (კომპოსტირება) საკუთარ ბაღებშია შესაძლებელი. მისი მოწყობით ფერმერები დაზოგავენ თანხას", - აღნიშნა მან და ბიოსასუქის მისაღებად აქტიურობისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე CENN- მიერ მომზადებული ფილმი ,,ყველაფერი ნარჩენი არ არის'' ნახეს და დისკუსია გამართეს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN-ი, ბიონარჩენის შემცირების მიზნით, რეგიონის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრებს ეტაპობრივად ახორციელებს, რომელიც პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტეხნოლოგიები რეგიონებში’’, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მხარდაჭერით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები