ახალი ამბები
გორში ხანძრისგან დაზარალებულთათვის მერიამ კომპენსაცია გააორმაგა
გორის მუნიციპალიტეტში, ხანძრების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს თანხა, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, მიეცემათ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 8 დეკემბერს მიიღო და სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შეიტანა. მანამდე, ერთჯერადი დახმარება 1650 ლარს ითვალისწინებდა. დადგენილებას ხელი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მარლენ ნადირაძემ უკვე მოაწერა.

დადგენილების მიხედვით, დახმარება არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში; დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში; ხანძრის შემთხვევაში ცნობა საქართველოს შსს/სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან. ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამართველოდან. ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.

ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ხანძარი ზუსტად იმ დღეს გაჩნდა, როდესაც საკრებულომ ცვლილებები დაამტკიცა.  მათ, სწორედ, ახალი წესით დაეხმარებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები