ახალი ამბები
გორის მე-10 სკოლის ფანჯრებს ქვები ესროლეს
გორის მეათე საჯარო სკოლაში, პირველ სართულზე, ფანჯარა ქვით ჩაამტვრიეს. ამ შინაარსის შეტყობინებით, დირექციამ სკოლიდან პოლიცია გამოიძახა.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ შენობის ორი კედლის კუთხეში მდებარე, მეტალოპლასტსმასის ფანჯარა, 10 დღის წინ, ქარისგან დაზიანდა.

დირექტორი გელა ჯაფარიძე ამბობს, რომ შუშა საკუთარი სახსრებით აღადგინეს, თუმცა, არ ადასტურებს ინფორმაციას, სხვა სკოლაში გადასული ბავშვების მიერ, ზედიზედ ფანჯრის ჩამტვრევის რამდენიმე ფაქტის შესახებ.

,,როდესაც ვნახეთ ჩამტვრეული ფანჯარა, გამოვიძახეთ პოლიცია. მოვიდნენ, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე, კრიმინალური განყოფილების თანამშრომლები. რეაგირება, აბსოლუტურად, ადეკვატური იყო," - აცხადებს გელა ჯაფარიძე.

მისი თქმით, რამდენიმე მოსწავლე სხვა სკოლაში, მართლაც, გადავიდა, თუმცა, იმის გამო, რომ ფაქტის თაობაზე, არავინაა ბრალდებული, მასაც გაუჭირდება ვინმეზე მითითება:



,,ზოგადად, არსებობს ესეთი თეორია - ,,ფანჯრის გატეხვის" თეორია, რომელიც ჯულიანს ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, უბედურება ის კი არ არის, რომ ვიღაცამ ფანჯარა ჩაამტვრია, არამედ ის, რომ ამის გამო, პასუხს არავის აგებინებენ. მე ყოველთვის ვახსენებ ამ თეორიას ბავშვებს და ჩემი პრინციპიც ესაა. არ შეიძლება დანაშაულის პატიება, რადგან მან ხვალ შეიძლება კარები ჩაამტვრიოს, ზეგ, - სახლი დაანგრიოს და ბოლოს ადამიანის სიცოცხლესაც ავნოს." - აცხადებს გელა ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო მასალებში გაჩნდა დარაჯის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მყუდრო კუთხეში ფანჯარა დასაკეტი მას დარჩა და შუშა შესაძლოა მართლაც ქარს გაეტეხა. გორის შს სამმართველომ საქმე დახურა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები