ახალი ამბები
გორში პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებს სამეურნეო ტექნიკა მისცეს
სურამში მცხოვრებმა მარიამ კობალაძემ, დღეს, საჩუქრად მზის გამათბობელი და მის დასამონტაჟებლად საჭირო ტექნიკა მიიღო. ამბობს, რომ  ამ ტიპის საჩუქრის მიღება, მის საოჯახო ბიზნესს საკურორტო დასახლებაში საკმაოდ წაადგება. მარიამ კობალაძემ, ცოტა ხნის წინ, ზამთრის პერიოდში, სტუმრები ვერ მიიღო, რადგან სახლში გათბობა არ ჰქონდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში, 15 დეკემბერს, სოფელ ბერბუკში, ყოფილ მსჯავრდებულებს და პრობაციონერებს, მატერიალური ტექნიკა გადაეცათ.

ღონისძიებაზე პროექტის 25-მდე ბენეფიციარმა ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - მიიღეს.

თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულებისაა. მანამდე, თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”.

,,გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი ხელობის გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის გრანტი, ხოლო ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის გრანტი ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად." - განაცხადეს პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. ,,არბაიტერ სამარიტერ ბუნდ"-ისთან (ASB) ერთად პროექტის განმახოციელებელი ორგანიზაციები არიან: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).

პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. 2018 წლის გაზაფხულზე შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები