ახალი ამბები
სოფელ მეტეხთან საბურავების გადამუშავების შემდეგ ქვანახშირს იღებენ
ახალი საწარმო, რომელიც კასპის რაიონში, სადგურ მეტეხთან მდებარეობს, უკვე, სამი თვეა, მუშაობს. ,,ეკო ენერგია“ ძველ საბურავებს წვავს და მისგან ქვანახშირს იღებს. ნარჩენი პროდუქტი საწვავად გამოიყენება, როგორც სათბურებში, ასევე, სხვადასხვა ქარხნებში.

საწარმოს ხელმძღვანელია ოთარ ჭეიშვილი, რომელიც, ამჟამად, საკრებულოს წევრია და 10 წლის წინ, რაიონის ხელმძღვანელი იყო. ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ ქარხნის აშენებას თავისი წინაპირობა ჰქონდა. პირველ რიგში, ის, რომ ტერიტორია საწარმოო ზონას მიეკუთვნება, დასახლებული პუნქტებისგან დაშორებულია, მეორეც, საქართველოსა და, ზოგადად, ამიერკავკასიაში, რეზინტექნიკური ნაწარმისა და პლასტმასის ნარჩენენების გადამუშავების საჭიროება არსებობს.

,,შესწავლილია, რომ ყოველწლიურად საქართველოში 17 ათასამდე ახალი საბურავი შემოდის, ხოლო ნარჩენის სახით გროვდება 4-დან 7 ათასამდე ცალი ძველი საბურავი, რომელსაც ხან ღია სივრცეში აგდებენ, ხან წვავენ და ა.შ. ეს კი გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ტიპის ქარხანა ჩვენს რაიონში აგვეშენებინა“. - ამბობს ოთარ ჭეიშვილი.

რაც შეეხება მიღებულ პროდუქტს, საბურავების გადამუშავებისგან მიიღება შემდეგი პროდუქტი:

ორგანული სითხე - გამოიყენება თხევადი საწვავის სახით საყოფაცხოვრებო და სტაციონალურ გასათბობ საქვაბეებში. გამოიყენება პლასტიფიკატორების და მსგავსი ტიპის ნაწარმის პირველად ნედლეულად.

ტექნიკური ნახშირბადი - გამოიყენება როგორც დანამატი და გამამყარებელი; რეზინოტექნიკურ მრეწველობაში; მეტალურგიაში; ლაქის მწარმოებელ მრეწველობაში შავი პიგმენტის სახით; სოფლის მეურნეობაში; წყლის, გრუნტის წყლებისა და ნავთობისაგან დაბინძურებული გარემოს გასაწმენდად; აქტივირებული ნახშირის საწარმოებლად.

მეტალაკორდი - გამოიყენება მეტალურგიაში; სამშენებლო წარმოებაში.

აირი - გამოყენებული იქნება რეაქტორში სითბური ენერგიის მისაღებად

ვიდრე რაიონში კომპანია ,,ეკო ენერგია“ შევიდოდა, მანამდე ოთარ ჭეიშვილს დაარსებული ჰქონდა შპს ,,სააკაძე“, რომელსაც 2010 წელს სერიოზული პრობლემები შეექმნა. არასრულყოფილად გაკეთებულ ქარხანაში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც, სამართალდამცავებმა ორგანიზაციას პასუხისმგებლობა დააკისრეს. რამდენიმე წლის შემდეგ, შპს ,,სააკაძის“ ქონების ბაზაზე, ახალი კომპანია გამოჩნდა, რომლის წარმომადგენლებმა ევროპული სტანდარტებით ქარხნის გადაიარაღება დაიწყეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საწარმოს საქმიანობის დაწყებამდე, ე.წ. ,,გზშ“ (გარემოზე ზემოქმედების ანგარიში) დოკუმენტი შედგა. ამ დოკუმენტის მიხედვით, საწარმოში გამოყენებული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები აკმაყოფილებენ გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ქარხანა გადასამუშავებლად გამოიყენებს არა მხოლოდ საბურავებს, არამედ პლასტმასისგან დამზადებულ ნებისმიერ ნარჩენს და ცელოფნის პარკებს.
,,საქართველოში დღეისათვის ჩვენი მომწოდებლები შეიძლება იყოს ყველა ის ვულკანიზაცია თუ მცირედი ავტომანქანის შემკეთებელი ცეხი, რომლებში საბურავების შეცვლა მიმდინარეობს. ასევე ტყავ-ფეხსაცმელის თუ რეზინებზე მომუშავე ყველა მცირედი თუ დიდი საწარმო, პლასტმასისა და ცელოფნის პარკების შემგროვებლები“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

,,გზშ“-ს ანგარიშის მიხედვით, საწარმოს მიმდინარე საქმიანობის პროცესში, ნარჩენის სახით, წარმოიქმნება მხოლოდ ე.წ. თაბაშირი, რომლის გატანა და განთვსება იგეგმება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. სხვა სახის სამრეწველო ნარჩენები არ წარმოიქმნება. დანადგარების სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლებელია მხოლოდ დანადგარებში არსებული ნახმარი ზეთის სახით წარმოქმნილი ნარჩენი და უმნიშვნელო რაოდენობით მეტალის ჯართი.

ქარხანა საწვავად დიდი ოდენობით ბუნებრივ აირს იყენებს, რომლის ბოლომდე ხარჯვა არ ხდება. ამიტომ, ოთარ ჭეიშვილი ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია დამატებითი საქვაბის აშენება.

,,გვინდა, რომ ის დარჩენილი გაზი დავიჭიროთ და კვლავწარმოებისთვის გამოვიყენოთ. ამას დამატებითი სახსრები ჭირდება და კარგი იქნება, თუკი ამის თაობაზე დაფინანსებას მივიღებთ“ - აცხადებს ქარხნის დირექტორი.

,,გზშ“-ს დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიცაა გათვალისწინებული, მაგალითად, საწარმოს გავლენის სფეროში არ შეინიშნება ბიომრავალფეროვნების ის სახეობები, რომლებიც მოითხოვენ მონიტორინგს და აქედან გამომდინარე მათი მონიტორინგი და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება საჭიროებას არ მოითხოვს. ნიადაგის დაბინძურების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. გრუნტის წყლების დაბინძურების ალბათობაც პრაქტიკულად არ არსებობს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები