ახალი ამბები
ერთ თვეში გორის ტერიტორიაზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის 5 ათასზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოკამერებით დაჯარიმებულ მძღოლთა რაოდენობამ, ერთ თვეში 5 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით გორი, რეგიონებს შორის, ლიდერობს და, მხოლოდ, თბილისს ჩამორჩება.

განმარტავენ, რომ საჯარიმო შემთხვევები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაფიქსირდა. კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის თვეში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მძღოლების მობილურ ტელეფონებში 5 109 შეტყობინება გაიგზავნა.

შიდა ქართლში, ოფიციალური ინფორმაციით,  82 კამერაა დამონტაჟებული. ისინი გორის, ხაშურის, ქარელისა და კაპის მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შეიძინეს. ჯამში, 295 000 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი კამერა ქალაქ გორსა და გორის რაიონის ტერიტორიაზეა დამონტაჟებული. კერძოდ: ქალაქ გორში - 8 კამერა; გორის მუნიციპალიტეტში (რაიონი) - 18; ქარელში - 15 კამერა. კასპში - 18; ხაშურში - 23.

2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები