ახალი ამბები
თბილისში საშობაო ბაზრობაზე გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალები პროდუქტს გაყიდიან
24 დეკემბერს, 11:00 საათიდან, ფერმერ ქალთა ასოციაცია ქ. თბილისში, (თბილისი მარიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე), აწყობს საშობაო ბაზრობას, სადაც რეგიონებიდან ჩასული ქალები გასაყიდად სხვადასხვა პროდუქტსა და ნივთებს გამოიტანენ. როგორც ასოციაციაში აცხადებენ ღონისძიების ძირითადი მიზანი ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციაა.

,,ბაზრობაზე ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებისგან შეიძენთ ტრადიციულ და კრეატიულ ქართულ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს და საახალწლო აქსესუარებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ყველაფერი ქართული, ხარისხიანი, ჯანსაღი და სანდო პროდუქტი. შესაძლებელია, როგორც რძის ნაწარმის, ტკბილეულის, ჩირების, ჩურჩხელებისა და ქიზიყური ნუგბარის შეძენაც. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ფართო არჩევანი, როგორც გლეხური, ასევე ჩამოსასახმელი"-შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი.

შიდა ქართლიდან ასოციაციაში 50-მდე ქალია გაწევრიანებული. აქედან ნაწილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს.

,,გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალები ძირითადად თაფლს და რძის პროდუქტებს აწარმოებენ. საახალწლოდ მათ მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქტის დაგემოვნება უკვე დედაქალაქში იქნება შესაძლებელი." - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები