ახალი ამბები
გორელი მწყემსი დახოცილი ძროხების გამო ოთხი ქარხნის ხელმძღვანელს უჩივის
ელგუჯა სადაღაშვილს კომბინატის ტერიტორიაზე 4 სული საქონელი დაეხოცა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი პასუხს ოთხ კომპანიას სთხოვს. თითოეული მათგანის წარმომადგენელი ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.

საქმე იმაშია, რომ ძლიერი ქარისა და წვიმის დროს, ელექტროსადენი ჩამოწყდა და დენი, წყლის გავლით, საქონელზე გადავიდა. ძროხები დაიხოცა.  ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, წისქვილკომბინატის, ასფალტისა და წვენების ქარხნების წარმომადგენლები ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმეს.

,,როგორც აღმოჩნდა, არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. კერძოდ, ხაზის გაწყვეტის შემთხვევაში, დენი ავტომატურად უნდა გათიშულიყო, რაც არ მომხდარა“ - განუცხადეს დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში“.

რაც შეეხება მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს, ელგუჯა სადაღაშვილი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. ის მოპასუხე მხარედ ხუთ კომპანიას, მათ შორის, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ასახელებს.

,,სასამართლოში შემოვიდა სარჩელი მოქალაქე ელგუჯა სადაღაშვილისგან, რომელიც ძროხების დახოცვის გამო, სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. განცხადება დარეგისტირებულია და დაიწყება სასამართლო განხილვები,“ - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოსამართლის თანამშემწემ.

,,ენერგო პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ სადენების ჩამოწყვეტის ფაქტზე პასუხს არ აგებენ..

,,ეს მთავარი ხაზი იწყება წისქვილკომბინატიდან, სადაც ტრანსფორმატორი დგას. შემდეგ გაივლის ასფალტის ქარხანას და მიდის საკონსერვომდე. კონკრეტულად, რა ტერიტორიაზე მოხდა ხაზის ჩამოწყვეტა, არ ვიცით. არ გვეკუთვნის ჩვენ,“ - განმარტეს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში“.

საკონსერვო ქარხანა, რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა ,,ბატონო“, პასუხისმგებლობას არ იღებს. ადმინისტრაციის ფინანსურ სამსახურში დეტალებს არ იცნობენ.

რაც შეეხება დანარჩენ კომპანიებს, შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-ის წარმომადგნლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ვალდებული მოქალაქეს დახოცილი საქონლის თაობაზე, ზიანი აუნაზღაურონ.

რომელ კომპანიას დაეკისრება ან საერთოდ დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა, ამას სასამართლო გადაწყვეტს. გორში ,,წისქვილკომბინატი“; ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“; კომპანია ,,ბატონო“ და მის ბაზაზე არსებული ბავშვთა კვების ობიექტი, ყველაზე მსხვილი საწარმოებია, მათ შორის, საქართველოში, რომელთა ფინანსური ბრუნვა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. წისქვილკომბინატის" ბრუნვა 2012 წელს იყო - 31 000 000 ლარი; ხოლო ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის ბრუნვა - 5, 936 000 ლარი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები