ახალი ამბები
ერგნეთის შეხვედრაზე განაცხადეს, რომ გამყოფ ხაზთან მწვანე ბანერი დაცხრილეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, მწვანე ბანერის დაცხრილვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ამის შესახებ მან, გუშინ, ერთგნეთში გამართული მოლაპარაკების დროს, განაცხადა.

მისი განცხადებით, მსგავსი ინციდენტები ე.წ. სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს სტაბილურობას უშლის ხელს. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

19 დეკემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 83-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის ინციდენტები განიხილეს, რომლებიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, გამყოფ ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 18 დეკემბრის პერიოდში დაფიქსირდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე, რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და 2017 წლის მანძილზე ჩატარებულ უკანონო სამხედრო წვრთნებზე ისაუბრეს.

,,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესით შექმნილ პრობლემებს და 2014 წელს, ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარებული, ხოლო მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხს." - განაცხადა ქემოკლიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები