გორში, 8 ათსართულიან კორპუსებში, საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ
ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 44 სამოთახიან ბინაზე კი, ახალი
განაცხადები მიიღება. მეორე ეტაპზე, სამოთახიანი ბინის მოთხოვნით,
განაცხადის შევსება ნებისმიერ დევნილ ოჯახს, 25 დეკემბრიდან 20
იანვრის ჩათვლით შეუძლია.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს
ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 480
ბინის განაწილების პროცესი, საიანაც 436 უკვე განაწილდა.
სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია,
რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,
ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.
პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში
რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა
ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა
მიენიჭათ დაკმაყოფილდა.
დღეს მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი
კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც
ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
დევნილების მიღება გორის მერიაში დღეს 22 დეკემბერს დაიწყო და 23
დეკემბერს დასრულდება.
,,ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს
რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს
სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს,
კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.
კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი
იხურება." - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე გიორგი გიორგაძე.
დღევანდელი შეხვედრა გორში ხმაურით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები