ახალი ამბები
გორში პოლიციამ ერთ ღამეში 8 მოქალაქე დააკავა
დღეს, გორის სასამართლოში, ,,საპოლიციო კონტროლის" დროს დაკავებულ მოქალაქეთა საქმეები განიხილეს. 23 დეკემბრის ღამეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 8 მოქალაქე დააკავეს.

ამათგან, ერთი - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, დანარჩენებს ადმინისტრაციული ჯარიმა, 250 ლარის ოდენობით შეუფარდეს. 

დაკავება როგორც ქალაქის, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. ყველა საქმე მორიგე მოსამართლე ნინო გერგაულმა განიხილა. 

ადმინისტრაციულ საქმეებს შორის, ერთი ფაქტი დამატებითი მსჯელობის საგანი გახდა, რადგან სოფელ ზეღდულეთში დაკავებულმა მოქალაქემ განაცხადა, რომ არ იცის, რას გულისხმობს პოლიცია ,,სიტყვიერ შეურაცხყოფაში".

,,მე მაინტერესებს, რას გულისხმობენ სიტყვიერ შეურაცხყოფაში?" - იკითხა მოქალაქემ. მისი თქმით, ის სოფლის გზაზე მიდიოდა და პოლიციელებს შემთხვევით შეხვდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, მან პოლიციის კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც დააკავეს. 

,,არა უშავს, რაც მოხდა, მოხდა," - უპასუხა მოსამართლეს მან. მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ოქმში დაფიქსირებულ მოსაზრებას, დაკავებულმა ასე უპასუხა: ,,უბრალოდ, მაინტერესებს, რაში გამოიხატა სიტყვიერი შეურაცხყოფა?".

იმის გამო, რომ სასამართლოში ის პოლიციელები არ იმყოფებოდნენ, რომლებმაც ზეღდულეთთან მოქალაქე დააკავეს, სხდომის გამართვა გადაიდო, მოქალაქე კი, ხელწერილით გაუშვეს, ჯერჯერობით.

რაც შეეხება გორში მომხდარ ფაქტებს,  ,,საპოლიციო კონტროლის" დროს, სამართალდამცავებმა ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

,,მაგალითად, ეს პიროვნება, წმინდაწყალზე, გალერეასთან იგინებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იყო ნასვამი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გადავიყვანეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მასთან ერთად მყოფი მეორე პიროვნება კი, ხელწერილის საფუძველზე გავათავისუფლეთ. ის მიხვდა ჩადენილ ქმედებას, ბოდიში მოიხადა და აღარ დავაკავეთ" - განაცხადა პოლიციელმა.

ადმინისტრაციული ოქმის საფუძველზე დაკავებულმა მოალაქემ წაყენებული ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ პოლიციელი მართალს ამბობდა. მოსამართლემ მას მინიმალური ფულადი სახდელი - 250 ლარი დააკისრა.

დანარჩენი შემთხვევები ჯგუფური იყო, ერთი ორკაციანი, მეორე - სამკაციანი. ისინიც ანალოგიური შინაარსით და სახდელით გაუშვეს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები 35-წლის მამაკაცს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. დაკავებულის ადვოკატი კახა კალმახელიძე აცხადებს, რომ ცოლ-ქმარს შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა პოლიციას ფაქტის შესახებ მეუღლემ სამი დღის შემდეგ შეატყობინა:

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი 35-წლისაა. ამ დრომდე, მათ შორის, არ ყოფილა რაიმე კონფლიქტი. ცოლი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ცემას, თუმცა, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა არ დევს საქმეში. თანაც, შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ დარეკა პოლიციაში." - აცხადებს ადვოკატი. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

შსს-ს პოზიცია

მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა.

ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის - 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი.

გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 4 ძებნილი პირია დაკავებული.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.

სახალხო დამცველი ე.წ. „საპოლიციო რეიდების“ დაწყებას ეხმაურება


2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. „რეიდის“) განხორციელება დაიწყო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს გააჩნდეთ ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ,

სპეციალური საპოლიციო კონტროლი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მიზანს კანონდარღვევის პრევენცია და/ან გამოვლენა წარმოადგენს. მინისტრის განკარგულების საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია, შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროის განმავლობაში, მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები.


აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, კანონი მოქალაქეს შემდეგ უფლებებს ანიჭებს:
• მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა;
• მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველის განმარტება;
• მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;
• გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება, ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიების, განხორციელებისას მასში მონაწილე მოქალაქეთა კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია ყველასთვის შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები