ახალი ამბები
ცხინვალი დენის და წყლის გარეშეა დარჩენილი - დაიხურა საბავშვო ბაღები
მესამე დღეა ქალაქ ცხინვალს, დე-ფაქტო რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და სოფლებს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. ჩაკეტილია რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება სასმელი წყალი, რადგან თოვლმა და წვიმამ დააბინძურა სასმელი წყლის რეზერვუარები.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სამთავრობო უწყებებს დენი გენერატორების საშუალებით მიეწოდება.

ჯავის რაიონში დაზიანებული ელექტროსადენების სარემონტო სამუშაოები კვლავაც გრძელდება. თუმცა, ცხინვალის მედიის ცნობით, სადენები მიუვალ ადგილებზეა ჩამოწყვეტილი, რის გამოც დაზიანებული კერების აღმოფხვრა ჭირს.

დაიკეტა საბავშვო ბაღები.

თოვლმა და ქარბუქმა დე-ფაქტო რესპუბლიკას პრობლემები შაბათიდან შეუქმნა. შუადღეს გაითიშა დენი, თოვლის საფარმა ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მეტრს გადააჭარბა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები