ახალი ამბები
გორის პირველ საჯარო სკოლას და ტყვიავში მდებარე სკვერს ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭება
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დღეს სოფელ ტყვიავის დასვენების პარკში ნარგავები დარგეს. საკრებულოს წევრების ინიციატივით, გორის მერია უახლოეს პერიოდში პარკს ნიკო კეცხოველის სახლელს მიანიჭებს.

ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა გამწვანების აქციის მიმდინარეობისას განაცხადეს. მათი თქმით, შესაბამისი პროცედურების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში დაიწყება.

,,დღეს აღინიშნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, მწერალის და საზოგადო მოღვაწის ნიკო კეცხოველის 120 წლისთავი, გამოვთქვით სურვილი, რომ ამ პარკს და ქუჩას, სადაც კეცხოველი ცხოვრობდა, მიენიჭოს მისი სახელი," - აღნიშნეს აქციის წევრებმა.

იმავე დღეს საკრებულოს წევრები გორის #1 საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიებაზე იდეამ,  #1 საჯარო სკოლისათვის ასევე ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭების შესახებ, გაიჟღერა.

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნიკო კეცხოველი (1897-1982) დაიბადა სოფელ ტყვიავში. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები