ახალი ამბები
,,ხიბულას" რამდენიმე ეპიზოდმა გორში დისკუსია გამოიწვია
ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო 50 დღის შესახებ გადაღებული ფილმი ,,ხიბულა", გორში, კულტურის ცენტრის დარბაზში უჩვენეს. ფილმის პრემიერა თბილისში 23 ნოემბერს გაიმართა და კვლავაც გრძელდება. გორელი მსახიობების ქიშვარდ მანველიშვილის, კახა ბერიძისა და ზაზა ცარულაშვილის დამსახურებით, ჩვენების პატივი რეგიონებში ამ ეტაპზე მხოლოდ გორს ერგო. სწორედ ეს მსახიობები თამაშობენ ,,ხიბულაში", მათ შორის, ქიშვარდ მანველიშვილი პრემიერ-მინისტრის, ბესარიონ გუგუშვილის როლს ასრულებს.

ჩვენების შემდეგ დარბაზში დისკუსია გაიმართა. ორი ეპიზოდი, რამაც მსჯელობა გამოიწვია, იყო ერთ-ერთ სუფრაზე ნათქვამი ფრაზა: ,,გაუმარჯოს საქართველოს ქართველებისთვის" და მეორე, დაცვის უფროსის აღვირახსნილი ქმედება გოგონასთან.

მაყურებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ფრაზას კვლავ პირდაპირ გაიგებენ, რამაც ქვეყანა იმ პერიოდში დანგრევის პირას მიიყვანა.

რეჟისორია გიორგი ოვაშვილი. ,,ხიბულა" მოგვითხრობს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია მალევე სამხედრო გადატრიალების შედეგად დევნილობაში აღმოჩნდა. ის ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმი ,,ხიბულა'' სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება.

სახელწოდება კი, იმ სოფლიდან მოდის, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლე, ბოლომდე გაურკვეველ მდგომარეობაში, დაასრულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები