ახალი ამბები
გორის სასწრაფო დახმარების ცენტრი ,,ვერხვებიდან" კომბინატის დასახლებაში გადავა
გორში ახალი ამბულატორია აშენდება. კომბინატის დასახლებაში, 2018 წელს, ახალი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება, სადაც გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ თანიაშვილმა მიაწოდა.

მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან შესაბამისი თანხები უკვე გამოყოფილია, რის შედეგადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ფართი კომბინატის დასახლებაში მშენებარე ეკლესიასთან შეარჩია.

,,წლების განმავლობაში კორპუსის პირველ სართულზე ვართ განთავსებულები და ეს არ არის მიზანშეწონილი, რადგან აქ მოსახლეობა ცხოვრობს და ბუნებრივია, წუხდება სასწრაფოს ფუნქიცონირებით. ღამით ,,სირენებსაც“ არ ვრთავთ, რომ აქ მაცხოვრებლები არ გავაღვიძოთ. ცალკე ფართი გვექნება მომავალი წლიდან და უფრო შეუზღუდავად გვექნება მუშაობის საშუალება“-აცხადებს თემურ თანიაშვილი.

ფართის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას გორის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს. შემდეგ, უკვე, გამოყოფილ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. გორის სასწრაფო დახმარების სამსახურში ახალ შენობაში გადასვლას გაზაფხულიდან ვარაუდობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები