ახალი ამბები
ციციშვილების საგვარეულო ციხე-სიმაგრე სამწევრისის სამონასტრო კომპლექსში
სოფელ სამწევრისში ერთმანეთის გვერდით მოსახლეობა და სასულიერო პირები ცხოვრობენ. დასახლების განაპირას დედათა და მამათა მონასტრებია. ციციშვილების ციხე-სიმაგრეში კელიები მონაზვნებისთვის მოაწყეს, გალავნის რესტავრაცია გრძელდება. ციხის გაღმა, ფერდობზე წმინდა გიორგის სახელობის მე-7 საუკუნის ეკლესიაა, რომლის გვერდით, ბერების სამყოფელია. ორ ეკლესიას შორის დამაკავშირებელ გზაზე კი, დიდი ხრამებია.

სამწევრისში, 2014 წლის აღწერის მიხედვით, 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან ბევრი ოჯახი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისგან შედგება. ისინი ხულოს რაიონიდან დაასახლეს.



სამწევრისელმა 80-წლის ზაურ ნონაშვილმა ციხე-სიმაგრის ის გალავანი გაგვიღო, სადაც დედათა მონასტერია. გვითხრა, რომ ბავშვობა ამ კედლებში გაატარა. გახარებულია, რომ ისტორიულ კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდა, თუმცა საყვედურიც მიიღო, რადგან იქ შესვლა უკვე აკრძალულია.

ამბობს, რომ სამწევრისის უძველესი ეკლესიები თითქმის დანგრეული იყო. წმინდა გიორგის ეკლესია, მე-7 საუკუნით დათარიღებული, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აღადგინეს. ამ ეკლესიის შესასვლელში, ქვაზე უძველესი ქართული წარწერაა, რომელიც უძველესი სარწყავი არხის არსებობას ადასტურებს.



,,გაუმარჯოთ ღმერთმა. აშენებენ, არემონტებენ. ეს უძველესი ადგილია. აქ გავიზარდე მთელი ბავშვობა. დედაოები ცხოვრობენ ამ სასახლეში. იქ გაღმა მხარეს რომ ჩანს, ეს წმინდა გიორგის ეკლესიაა. ახლა ჯვარს ეძახიან. მაგის დაბლა მამაოებმა კელიები გააკეთეს და ცხოვრობენ“ - ამბობს ზაურ ნონაშვილი.

სამწევრისი - სოფელი სამი წევრისა



გადმოცემის მიხედვით, სოფელი მჭიდროდ, თითქმის, ქალაქის ტიპის დასახლება ყოფილა. სათავეში ციციშვილები იდგნენ. ეპიდემიის გავრცელების გამო, სოფელი დაცარიელდა, თუმცა, ადგილზე მხოლოდ სამი ოჯახი დარჩა. სწორედ, აქედან მომდინარეობს სახელი სამწევრისი.

სამწევრისის შესახებ 1893 წელს გაზეთი "ივერია" წერს: "რამდენიმე კომლი აქ დიდს გაჭირვებაშია უჭირნახულობის გამო. ამ საწყლებს თვეზე მეტი იქნება, რაც ჭირნახული ვერავისგან გაუმართნიათ. მართალია, სოფელ ქარელში ბევრი პური აქვთ გაყიდული ურიებს, მაგრამ ხუთ მანათს ფეხს არ უცვლიან და სად უნდა იშოვნოს ხუთი მანათი იმ გლეხკაცმა, რომელსაც პერანგი არ აცვია ტანზედ. წარმოიდგინეთ, ამ საშინელ გაჭირვების დროს სოფელ სამწევრისის მაღაზიაში ორმოც კოდამდინ პური აქვთ და მაგრა დაუკეტ-დაუბეჭდიათ, არავის აძლევენ სესხად".

ამჟამად, სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია. გზა ხაშურის რაიონამდე გრძელდება და ფაქტობრივად მთავარი ავტომაგისტრალის პარალელურ გზას წარმოადგენს, ოღონდ, მტკვრის მარჯვენა მხარეს. სოფელში გაყვანილია ბუნებრივი აირიც. შენდება ახალი სკოლაც.

სოფლის მცხოვრებმა ალექსანდრე ხალვაშმა სპეციალური ბიბლიოთეკა მოაწყო, რომელიც აჭარის ისტორიას და ლიტერატურას ეხება. ადგილობრივებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ბევრი ოჯახი ერთმანეთს დაუნათესავდა.



ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა. პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის სათაურის ქვემოთ) X საუკუნისაა. ამ წარწერის მიხედვით, აფხაზთა მეფის კონსტანტინეს დროს სამწევრისის წინამძღვარმა დომნინოსმა და გიორგი თუალიძემ არხი გაიყვანეს:

,,ქ. ზ(ედ)ა წელსა კ-ს კონსტანტინე მეფისა ესე რუ[ვი] მე, დომნინოს, სამწევრის ჯუარისა მამასახლისმან და გიორგი თუალოის ძემან მოვიღეთ რუვი ესე ჯუარად. არავინ არს სხუაი მომხუმარე და უფალი რუვისა ამის, გარნა პატიოსანი ჯუარი და გიორგი. ვინ ესე აღმოიკითხოთ მე დომ(ნი)ნოს, მონაი ჯუარისაი [ლოცვასა მომიხსენეთ და თუალოის] ძეცა გიორგი ქრისტემან შეიწყალენ. ამენ იყავნ“

მეორე წარწერა უშუალოდ ტაძარს ეხება:

„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან“

Print

სტატიის გამოყენების პირობები