ახალი ამბები
წელს ცხინვალის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობა 125-ს შეადგენს
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2017 წელს სულ 176 პირი დააკავეს. აქედან, 51 აფხაზეთის, 125 კი ცხინვალის მიმართულებით. - ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურიდან მიაწოდეს.

ოფიციალური ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან დე-ფაქტო რესპუბლიკების მიმართულებით გადაადგილების შემთხვევებს ეხება. უწყების ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა, წელს, გაცილებით ნაკლები იყო.

,,ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებულ პირთა რაოდენობაში ცდომილება დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული უკანონო დაკავებების რაოდენობა რეალური ჯამური რიცხვის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს“.-აცხადებენ სუს-ში.

საერთო ჯამში კი 2009 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავების 1107 შემთხვევა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით - 1829 ფაქტი.

,,ამ დროის განმავლობაში, უკანონო კვეთის ბრალდებით, ერთზე მეტჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 48 ადამიანი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 52 ადამიანი." - აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ცხინვალის ციხეში პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო სოხუმში - 13 ადამიანი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები