ახალი ამბები
,,საქგორგაზთან" აქცია გაიმართა - უფლებადამცველები პროკურატურის ჩართვას ითხოვენ
დღეს კომპანია ,,საქგორგაზთან" მოქალაქეთა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი იმ გადასახადების ოდენობას აპროტესტებენ, რომლის შესახებ, შეტყობინებები გუშინ 29 დეკემბერს მიუვიდათ.

ნოემბრის თვესთან შედარებით, გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური ზოგ შემთხვევაში გაორმაგებულია, უმრავლეს შემთხვევაში კი, - გასამმაგებული. მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამის მიზეზი არ იცის.

,,სოკარგაზის" ცხელ ხაზზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ გადასახადი რეალურია, ხოლო ვისაც პრეტენზია აქვს, შეუძლია საკუთარი მრიცხველი შეამოწმოს. ორგანიაციაში 2018 წლის 3 იანვრამდე სადღესასწაულო დასვენება გამოცხადდა და 2017 წლის წარმატებული მუშაობა საზეიმოდ აღნიშნეს კიდეც.

ფაქტის შესახებ ენერგოომბუდსმენი დაინტერესდა. ის გორში მოსახლეობასთან და ,,საქგორგაზის" წარმომადგენლებთან შეხვედრას 3 იანვრის შემდეგ გეგმავს. დოკუმენტაციის და ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. საქართველოს ენერგეტიკული და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წესდების მიხედვით, საჩივრები ინდივიდუალურად გაიხილება. მოსახლეობამ კი, გადასახადი 12 იანვრამდე უნდა გადაიხადოს.

აქციაზე ადვოკატი ზაზა გიგაურიც იმყოფებოდა, რომელიც ,,საქგორგაზის" მომხმარებელია. მისი თქმით, მიმდინარე თვეში კომპანიამ 100 ათას ლარზე მეტი თანხით ისარგებლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები