ახალი ამბები
მარგო მასწავლებელს ახალი წელი კასპის მოხუცთა პანსიონატში ,,ჩცდ"-ს მსახიობებმა მიულოცეს
მარგალიტა ბარნაბიშვილი მალე 90 წლის გახდება. 35 წელი სოფელ სასირეთის საშუალო სკოლაში იმუშავა. ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის ზრუნვაში დარჩა მარტო. მისი თხოვნით, მიმდინარე წლის მაისის თვიდან, კასპის მოხუცთა პანსიონატში დაიწყო ცხოვრება.

დროის დიდ ნაწილს მარგო მასწავლებელი წიგნების კითხვას უთმობს. მსახიობების სტუმრობის დროს, მაგიდაზე ვასილ ბარნოვის ,,სამი რომანი", ალექსანდრე დიუმას ,,დედოფალი მარგო" და სხვა წიგნები ეწყო. მრავალჯერ გადაკითხულ წიგნებს ახლაც სიამოვნებით კითხულობს. საჩუქრები კი, რომელიც საახალწლოდ მიუტანეს, სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების" რეჟისორმა და მსახიობებმა გაუგზავნეს. მარგო მასწავლებელი მსახიობმა ხატია ბრაჭულმა მოინახულა.

,,აქ ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობდნენ, აქტიურად იყვნენ ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვადასხვა გარემოებების გამო, მარტო ცხოვრება არ შეუძლიათ, ამჟამად ჩვენთან 12 ადამიანი ცხოვრობს" - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

კერძო სახლში ცხოვრების საფასურს მოხუცებს ახლობლები უხდიან. მაგალითად, მარგო მასწავლებელს ძმისშვილიშვილები უხდიან. მარგალიტა ბარნაბიშვილი იხსენებს, რომ პედაგოგიურ საქმიანობას მამის თხოვნით შეუდგა:

,,მამაჩემი მენშევიკების დროს პედაგოგად მუშაობდა. სწორედ, მას დაავალეს ჩვენი მხარის სოფლებში სკოლების მოწყობა. მე კიდევ ჯერ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე უმაღლესში, შემდეგ მამაჩემმა გამომატანინა საბუთები და მითხრა, შენ პედაგოგობა უფრო მოგიხდებაო. როცა მუშაობა აღარ შემეძლო, დავანებე სკოლას თავი. ტიროდნენ ბავშვები, მეათე კლასელებიც კი, იხვეწებოდნენ, დაგვამთავრებინეთ სკოლაო. მთელი ჩემი ცხოვრება პედაგოგიურ საქმიანობას შევალიე." - ამბობს მარგალიტა ბარნაბიშვილი.

მისი დამსახურებით და მონაწილეობით, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოეწყო. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ხორგუაშვილმა, წლების წინ, სამუზეუმო მასალები, სწორედ, მარგალიტა ბარნაბიშვილის წყალობით მოაგროვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები