ახალი ამბები
დავის დასრულებამდე მომჩივანი მომხმარებლები დარიცხულ თანხას არ გადაიხდიან
ენერგოომბუდსმენის სახელზე გორის მოქალაქეებმა განცხადებების დაწერა დაიწყეს. საქართველოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადის ფორმა თავადვე მიაწოდა მომხმარებლებს. დავის დასრულებამდე მომჩივანი აბონენტები ბუნებრივი აირის საფასურს არ გადაიხდიან. ასეთია დღევანდელი შეხვედრის შედეგი.

სოკარის წარმომადგენელი ხათუნა მოდებაძე ამბობს, რომ რაოდენობის მიუხედავად, ყველა საჩივრის განხილვის პროცესს პირადად გააკონტროლებს. მისი თქმით, პრეტენზიები პუნქტობრივად განიხილება. ერთადერთი საკითხი, რაც განხილვის დროს, პრობლემური აღმოჩნდა, ბუნებრივი აირის ხარისხის შემოწმებაა. ეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, დღეს, გორში ენერგოომბუდსმენი, სემეკის (მარეგულირებელი კომისისს) და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოკარ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელთან ერთად, მომხმარებლების პრეტენზიები მოისმინეს.

გორში პროტესტი 2017 წლის 29 დეკემბერს გამოწერილმა თანხებმა გამოიწვია. წინა, ნოემბრის თვესთან შედარებით, მოსახლეობას ორმაგი და სამმაგი ოდენობის თანხა დააკისრეს გადასახდელად. მოქალაქეები ამბობენ, რომ სოკარის წარმომადგენლები მანიპულირებენ სხვადასხვა ხერხებით.

სემეკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედარება არა თუ წინა თვესთან, არამედ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან უნდა მოხდეს:

,,ჩემი აზრით, ამჟამად, მონაცემები უნდა შედარდეს წინა წლის მონაცემებთან. თანხების შედარება არასწორი იქნება, უნდა შედარდეს მრიცხველზე აღრიცხული მონაცემები. მაგალითად, ნოემბრის თვისა უნდა შედარდეს წინა წლის ნოემბერთან, დეკემბრისა - დეკემბერთან" - განაცხადა სემეკის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე სემეკის წარმომადგენლის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მათ მეტი კომპეტენტურობისკენ და სოკარის ინტერესებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდეს.

ნორმატიული აქტების მიხედვით, მოქალაქეთა პრეტენზიებს იხილავს ჯერ სემეკი (საქართველის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია), რომლის დასკვნა შემდგომში მხარეებს სასამართლოში შეუძლიათ გაასაჩივრონ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები