ახალი ამბები
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გორიდან გააცილეს
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გორიდან 3 იანვარს გააცილეს. სიწმინდეები ატენისა და გორის ეპარქიაში 2017 წლის 30 დეკემბრიდან იყო დასვენებული.

მრევლმა და ეპარქიის მღვდელ-მსახურებმა, საერო პირებთან ერთად, დედოფლის წმინდა ნაწილებით გორის ქუჩები შემოიარეს. მომლოცველებს საშუალება ჰქონდათ მისთვის თაყვანი ეცათ.

სიწმინდეები საქართველოში 2017 წლის სექტემბერში 6 თვით ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს. 

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები