ახალი ამბები
გორში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს, გორის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მოსახლეობა 13 საათზე შეიკრიბება. ისინი დეკემბრის თვეში სოკარის მიერ გამოწერილ გადასახადების რაოდენობას გააპროტესტებენ.

,,გორის მოსახლეობას გაზმომარაგების კომპანია სოკარმა, დეკემბრის თვეში უსამართლოდ დააკისრა დავალიანება. გაიმართა საპროტესტო აქციები, სადაც მოსახლეობამ უსამართლოდ დაკისრებული დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნა დააყენა. ვუყურებთ სოკარის აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას და იმას, რომ მათ არ სურთ რაიმე დათმობაზე წავიდნენ და ამავდროულად, სხვადასხვა უწყებები ხალხის ინტერესების დაცვის ნაცვლად მათ პოზიციას ამყარებენ" - აცხადბენ ისინი.

აქედან გამომდინარე საინიციატივო ჯგუფის წევრები შემდეგ მოთხოვნეს დააყენებენ:  

1. დაიწყოს გამოძიება და გავლილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცესი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს არა ერთეული ადამიანების შემთხვევებით, არამედ მან მიიღოს კოლექტიური გამოძიების სახე.

2. დადგენილია გაზის ხარისხის სტანდარტი, არსებობს ამ სტანდარტის მაკონტროლებელი ორგანო. მათ ჩვენ უნდა გვითხრან რა კალორიულობისა და რამდენად ხარისხიანი გაზი მოგვეწოდებოდა და მოგვეწოდება.

3. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაგვაბაროს ანგარიში. რას აკეთებენ? ვის მიმართეს? რა გზებს გვთავაზობენ და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მათი გააზრებული, ქმედითი, დამხმარე ნაბიჯები და არა ემოციური საუბარი.

4. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ პატივი სცენ სამოქალაქო პროტესტს და ნუ გამოვლენ პარტიული ინტერესებითა და ლოზუნგებით.
პროტესტი უნდა იყოს აბსოლიტურად თავისუფალი პარტიული შაბლონებისგან.

5. დადგინდეს რამდენად სამართლიანად დაანგარიშდა გადასახადი. გვაჩვენონ ამა წლის წინა თვეებისა და წინა წლების იგივე თვესთან შედარებული მონაცემები.

ისინი ასევე კატეგორიულად მოითხოვენ: ,,არცერთ მოქალაქეს შეუწყდეს გაზის მიწოდება. დროებით შეწყდეს დავალიანების დაფარვა, იქამდე სანამ ზედმეტი თანხები არ ჩამოიწერება. დასრულდეს ყველა პროცესი, გაცხადდეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი გადასახადზე."
Print

სტატიის გამოყენების პირობები