ახალი ამბები
შობის ღამე ცხინვალში
ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, სადაც ამჟამად საეკლესიო სამართლის დარღვევით მოქმედებს რუსული სქიზმატური ეკლესია, საშობაო ლიტურგია გაიმართა. 

ამის ამსახველ ფოტომასალას ცხინვალელი ჟურნალისტი ნატალია აირიანი აქვეყნებს. ცხინვალის სიონი საკათედრო ტაძარია 1995 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ნიქოზელი მღვდელმთავრის ტიტულატურაში ცხინვალიც შევიდა და ეწოდა ნიქოზისა და ცხინვალის მღვდელმთავარი.

მხედრულად შესრულებული საამშენებლო წარწერის მიხედვით, რომელიც სამხრეთის კედლის მარჯვენა მხარეს ერთმანეთზე ვერტიკალურად დაწყობილ ორ თლილ ქვაზეა ამოკვეთილი, ირკვევა მისი აგების ზუსტი თარიღიც – 1718 წელი. ეპიგრაფიკული მასალა პირველად გამოაქვეყნა მარი ბროსემ, შემდეგ კი, სათანადო ორთოგრაფიული შესწორებებით, იოსებ მეგრელიძემ. დედნის მიხედვით წარწერა ასე იკითხება:

„ქ. აღვაშენეთ მღვთის შეწევნითა საყდარი ესე ყოვლა წმინდის ჩვენ, გიორგი შვილმან ქაიხოსრომან და ჩემან ძმამან ფარსადანამა და ჩემან შვილმან გივმან, ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად, ძისა ჩვენის სადღეგრძელოდა. ვინცა წაიკითხოთ, შენდობა ბძანეთ, თქვენცა ღმერთმან შეგინდოს. მეფობასა ვახტანგისასა. ქკსა უვ“



ცხინვალის სიონის ტიპურ-ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, როგორც წარწერიდან ჩანს, აგებულია 1718 წელს, მეფე ვახტანგ VI-ის მეფობის დროს.

XX საუკუნის 20-იან წლებში ტაძარში ღვთისმსახურება შემწყდარა. საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლებისა და  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შემდეგ იგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმად იქცა.

1989 წლიდან აქ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. 1990 წელს ტაძარი აკურთხა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ. იმავე წლის 28 აგვისტოს, ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა მეუფე ზოსიმემ. სამწუხაროდ, მცირე ხანს გაგრძელდა ცხინვალის სიონში ღვთისმსახურება, რადგან 7 იანვარს ქართულმა მოსახლეობამ მშობლიური ქალაქი დატოვა. მას შემდეგ აქ საეკლესიო სამართლის დარღვევით მოქმედებს რუსული სქიზმატური ეკლესია. ცხინვალის სიონის მღვდელმსახურს ალექსანდრე ფუხაევს ხელი დაასხა რუსეთის ეკლესიის იერარქმა, რომელიც იმ დროისათვის არ ექვემდებარებოდა მოსკოვის საპატრიარქოს.


















Print

სტატიის გამოყენების პირობები