ახალი ამბები
გორის მერიას დეკემბრის თვეში ბუნებრივ აირზე 16 000 ლარი აქვს გადასახდელი
გორის მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციას, ბუნებრივ აირზე, დეკემბრის თვის მონაცემებით, 16 000 ლარი აქვს გადასახდელი.

ამის შესახებ გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციოი ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, ნოემბერთან შედარებით გადასახადი გასამმაგებულია:

,,თუ იყო ნოემბერში მაგალითად 5 ათასი ლარი გადასახდელი, დეკემბრის თვეში 16 000 ლარი მოგვივიდა. რატომ მოხდა ეს, ჩვენც გვაინტერესებს" - აცხადებს გორის მერი.

უფრო მეტიც, 2016 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული შენობის ხარჯი ბუნებრივ აირზე 9 ათას ლარს აღწევდა, წელს კი, - 16 000 ლარს.

კოტე თავზარაშვილი ,,სოკარ ჯორჯიას" რეგიონულ წარმომადგენელს გოჩა შანიძეს და გორის წარმომადგენელს გოგი გრიგოლაშვილს შეხვდა. ,,გუშინ, მოსახლეობა იყო ჩემთან და ითხოვენ საკითხის გარკვევას. მე ახლა ამ კითხვებით მოგმართავთ თქვენ" - განუცხადა თავზარაშვილმა სტუმრებს.

სტუმრების თქმით, თითოეული აბონენტი პასუხს მიიღებს, თუკი მიბრძანდება ,,საქგორგაზის" ოფისში და განცხადებას დაწერს. ხოლო ის აბონენტები, რომლებმაც საჩივრები დაწერეს, ,,სემეკის" გადაწყვეტილებას დაელოდნონ - ასეთი იყო მათი პასუხი.

რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, კერძოდ, ჭალის დასახლებაში მდებარე მერიის ადმინისტრაციის შენობის კომუნალურ ხარჯებს, ამის თაობაზე, ,,სოკარისგან" მერია დეტალურ ახსნა განმარტებას მოგვიანებით მიიღებს.

,,ჩვენ აქ არ მოვსულვართ პრესკონფერენციის გასამართად, ჩვენ მოვედით მერთან სასაუბროდ" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები