ახალი ამბები
სოკარის წარმომადგენლებს არ ახსოვთ რა რაოდენობის გაზი დახარჯეს ოჯახში ნოემბერ-დეკემბერში
,,სოკარ გაზის" წარმომადგენლებმა არ იციან, რა რაოდენობის ბუნებრივი აირი დაიხარჯა მათ ოჯახებში ნოემბერში. ამ მონაცემებს ისინი დეკემბრის თვის ხარჯს ვერ ადარებენ.

ამის თაობაზე სოკარის რეგიონულმა წარმომადგენელმა გოჩა შანიძემ და ,,საქგორგაზის" გორის ფილიალის მენეჯერმა გოგი გრიგალაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვებს არ უპასუხეს.

ისინი დღეს გორის მერს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

,,ჩემმა ოჯახმა მცხეთაში დეკემბრის თვეში 1000 ლარის ღირებულების გაძი დაწვა, რამდენი იყო ნოემბერში, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს," - აცხადებს გოგი გრიგალაშვილი. მისი განცხადებით, ის ,,სოკარს" ენდობა და ნამდვილად არ აპირებს ნოემბრის თვის მონაცემებთან შედარებას.

დეკემბერში დაახლოებით 200 ლარი აქვს გადასახდელი გოჩა შანიძეს. ის თბილისში ცხოვრობს და ,,ყაზტრანსგაზიდან" იღებს ბუნებრივ აირს. არც მას ახსოვს, ნოემბრის გადასახადი თანხის ოდენობა.

,,მე ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში და ეს თანხა სრულიად მისაღებია" - ამბობს გოჩა შანიძე.

შეგახსენებთ, გორის მოსახლეობა აპროტესტებს 2017 წლის დეკემბრის თვეში გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურის ოდენობას. მათი განცხადებით, ნოემბრის თვესთან შედარებით, გადასახადები გაორმაგებული და გასამმაგებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები