ახალი ამბები
ბინის გარეშე დარჩენილი დედა-შვილი დევნილთა სამინისტროს უჩივის
მარიამ ტეტუნაშვილს 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად, მეუღლესთან ერთად გორში, სასტუმრო ,,ქართლის“ სარდაფში მიუჩინეს ოთახი. საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობების გამო, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იძულებული გახდა ქირით სხვაგან გადასულიყო. მეუღლის დაღუპვის შემდეგ (ჯარში მსახურობის დროს ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა) ობლად დარჩენილ შვილთან ერთად დედა ნორმალური საცხოვებელი ფართით დაკმაყოფილების მოლოდინში ცხოვრება ისევ ქირით გააგრძელა. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო ,,ქართლში“ საცხოვრებლად არადამაკმაყოფილებელი პირობები იყო მოზარდი იქ მხოლოდ ბებია-ბაბუის სანახავად მიდიოდა.

2017 წელს მარიამ ტეტუნაშვილი, საბოლოოდ, იმ ბინებში ვერ მოხვდა, რომელიც კომბინატის დასახლებაში დევნილებისთვის ააშენეს. რვა ათსართულიანი კორპუსი ,,ქართლის", ,,ტურბაზისა" და ,,ნარკოლოგიური ცენტრის" ობიექტებში განთავსებული პირებისთვის ააგეს. ოჯახმა ამ კორპუსში ერთოოთახიანი ბინა მოითხოვა. თუმცა, უშედეგოდ.

თუკი პირვანდელ სიაში ის და მისი შვილი ჩაწერეს, 2018 წლის იანვარში, ბინების საზეიმოდ გადაცემის დროს, აღარ დაუძახეს.

მარიამ ტეტუნაშვილი პედაგოგია და როგორც თავად ამბობს, ხელფასს ობლად დარჩენილ შვილს ძლივს ამყოფინებს.

,,როცა დავოჯახდით, სასტუმრო ქართლში ადგილები აღარ იყო, სარდაფში მოგვცეს ერთი ოთახი და, ბუნებრივია, იქ ვერ ვიქნებოდით და ქირით გავედით.  ეროთახიანი ბინის სიიდან ამოგვიღეს ისე, რომ არც კი გამაგებინეს. მამა რომ ყოლოდა ცოცხალი, ასე ხომ არ მოექცეოდნენ? დევნილი ჯარისკაცის (2007 წელს 27 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გადარდაიცვალა) შვილისთვის ერთ ოთახიანი დაინანეს. რომელსაც ნგრევად ობიექტში სასტუმრო ,,ქართლში“ ერთი ოთახი ქონდა. ეს არის სამართალი??? კომისიამ ორჯერ შეგვამოწმა ჩვენი მდგომარეობა და გადაწყვეტილება ობოლი ბავშვის სასარგებლოდ მიიღო. შემდეგ კი სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა, მაშინ როდესაც ბინის სიაში სხვა ოჯახები საერთოდ არ იყვნენ იმათ მისცეს ბინები.ჩემს შვილს კი ცრემლიანი ახალი წელი დაუყენეს“ -ამბობს მარიამ ტეტუნაშვილი.

დედა-შვილი დევნილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში ნახევრად ნგრევად ობიექტებში (http://mra.gov.ge/geo/news/show/189/10615) ამ დრომდე წერია. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პირველადი სიებია, რომელიც შემდეგ გადამოწმებას დაექვემდებარა.

დევნილთა სამინისტრო დევნილ 480 ოჯახზე ბინების გადაცემას ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში აპირებდა, თუმცა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროცესი სამშენებლო კომპანიის მიზეზით გაჭიანურდა.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე ახალ კორპუსებში ყველაზე რთულ პირობებში მცხოვრები დევნილი ოჯახები შესახლდებოდნენ. ასეთ კატეგორიაში კი გორში, 3 ობიქეტი შედიოდა: სასტუმრო „ქართლი“ – 76 ოჯახი, „ტურბაზის“ დასახლება – 91 ოჯახი, და ნარკოლოგიური ცენტრის შენობა – 52 ოჯახი. ი

ოჯახების შერჩევისას მათი ძირეული შესწავლის მიზნით, ბინების გადაცემა სამინისტრომ 2017 წლის ბოლოსთვის გადადო. სწორედ 12 დეკემბრით თარიღდება დევნილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: ,,დევნილთა სია, რომლებსაც გორში ბინები გადაეცემათ“, ეს ნუსხა, ამ დრომდე ხელმისაწვდომია, სადაც მარიამ ტეტუნაშვილი შვილთან ერთად ფიქსირდება ერთოთახიანი ბინების კატეგორიაში. ამ სიის გამოქვეყნებას დედა-შვილი სიხარულით შეხვდა და 29 დეკემბერს ბინის გასაღების მისაღებად შეკრებილ დევნილებს შეუერთდა. თუმცა კომბინატის ახალ კორპუსებში დევნილმა დედა-შვილმა ერთოთახიანი ბინა ვერ მიიღო.

მარიამ ტეტუნაშვილს ეჭვი აქვს, რომ დევნილთა სამინისტრომ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო და საცხოვრებელი სახლის გადაცემისას დევნილები უსამართლოდ შეარჩია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა და იმ მიზეზების განმარტება სთხოვა, რის გამოც აღნიშნული კონკრეტული ოჯახი სიაში ყოფნის მიუხედავად ბინის გარეშე დარჩა.

,,-ეგ არის პირველად გამოქვეყნებული სია და მანდვე ბოლში წერია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.“-აცხადებენ დევნილთა სამინისტროში.

მარიამ ტეტუნაშვილი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთევან ბებიაშვილის განცხადებით, დევნილთა სამინისტრომ ოფიციალურად უნდა განმარტოს ის მიზეზები, რის გამოც კომისიის მიერ შემუშავებულ და გავრცელებულ ნუსხაში მყოფი პირები საბოლოო სიიდან ამოიღეს.

საია დევნილი დედა-შვილის უფლებების დაცვისთვის მზაობას გამოთქვამს და სამინისტროსგან მარიამ ტეტუნაშვილისთვის ოფიციალური განმარტებების გაგზავნას ელოდება.

ბინების გადაცემის ღონისძიებას გორში, 2017 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.

გორში, სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში სულ 480 ბინაა, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 445 დევნილ ოჯახს გადაეცა, დარჩენილ 35 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი ცხადდება. პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ დაკმაყოფილდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები