ახალი ამბები
პროდუქტი, რომელიც დევნილებმა ევროკავშირის გრანტით აწარმოეს (PHOTO)
ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე დევნილი ოჯახის განაცხადი დაფინანსდა. ამის თაობაზე, დღეს, შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის ორგანიზატორებმა და შემსრულებლებმა მოაწყვეს. პარალელურად, ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, რომელიც სწორედ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების შედეგად გამოუშვეს.

დაფინანსების სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები.

გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივით, საერთო ჯამში, 976 საგრანტო განაცხადი დაფინანსდა, რამაც ჯამში 4 მილიონი ლარი შეადგინა.



ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიც იყო: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.



დევნილთა დახმარების პროგრამა საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.



დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დაესწრნენ.



საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები