ახალი ამბები
რუსეთიდან გატაცებული მანქანა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შეჰყავდათ
თეთრი ფერის ავტომანქანა ,,ნივა", რომელიც რუსეთში, ალაგირის რაიონიდან გაიტაცეს, დე-ფატო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეჰყავდათ. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ვლადიკავკაზის მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, გატაცებაში ეჭვმიტანილები ცხინვალელი და დმენისელი ახალგაზრდები არიან.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27-წლის ცხინვალელმა ახალგაზრდამ ავტომანქანა, საცხოვრებელი სახლის ეზოდან, 11 იანვარს მოიპარა.  მფლობელმა, მანქანის ქურდობის შესახებ, იმავე დღეს განაცხადა. ვლადიკავკაზიის მილიცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ავტომანქანას უშედეგოდ ეძებდა.

ვლადიკავკაზიის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციელებმა საქმის კურსში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩააყენეს, რადგან მათ ივარაუდეს, რომ მანქანას ცხინვალისკენ წაიყვანდნენ.

,,სწორედ, მათი დახმარებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამოიცნეს ეჭვმიტანილები," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაირკვა, რომ გატაცებულ ავტომანქანა ,,ნივას" ნომრები შეუცვალეს და დმენისელი მოქალაქის კუთვნილი, ,,ვაზ 21-07"-ის სანომერე ნიშნები დაუყენეს. აღნიშნული ნომერი და პიროვნება საბაჟოზე ცხინვალელმა მილიციელებმა ამოიცნეს - იუწყებიან ვლადიკავკაზში.

ამ ეტაპზე, გატაცებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ხოლო არკვევენ, თუ რა ფორმით მონაწილეობდა მეორე პიროვნება ამ საქმეში, რომლის ავტომანქანის ნომერი ,,ნივაზე" დაამაგრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები