ახალი ამბები
საბჭოთა ნოსტალგია ევროატლანტიკურ გზაზე ანტიდასავლური მედიის გავლენით
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ქართულად ნათარგმნ რუსულ არხს უყურებენ. პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 24 წლის თამარ შოშიტაშვილი ტელევიზორს თითქმის არ უყურებს, თუმცა გადაცემების შინაარსითა და ფორმატით მაინც ინტერესდება და ფიქრობს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში მომზადებული პროგრამების ომგამოვლილი მოსახლეობისთვის მიწოდება მიუღებელია.

,, ნორმალური არაა დევნილ მოსახლეობას აჩვენო მსგავსი პროგრამები. ალბათ უფრო გამაღიზიანებელი უნდა იყოს და ნეგატიურად უნდა ზემოქმედებდეს და რამდენადაა ასე რეალურად ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც ალბათ ყველას აქვს არჩევანის უფლება რას უყუროს და რას არა.“-ამბობს თამარ შოშიტაშვილი.

ახალი თაობისგან განსხვავებით, ქართულად ნათარგმნი რუსეთის პირველი არხის აქტიური მაყურებელია 75 წლის ჯემალ მახნიაშვილი. ხურვალეთის დასახლებაში მცხოვრები მოხუცი ამბობს, რომ განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდზე გასული ფილმები მოსწონს, რადგან იმ პერიოდის ,,კარგ ცხოვრებას“ ახსენებს.

„ისტორიის გაკვეთილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან მოზარდებს და ასე ცდილობენ წაშალონ ჩვენი ნამდვილი წარსული. რატომ არ უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, რომ საბჭოთა პერიოდში უკეთეს საქართველოში ვცოვრობდით?“ – ამბობს ჯემალ მახნიაშვილი.

მსგავსი განწყობები იკვეთება შიდა ქართლის რეგიონის სხვა სოფლებშიც, განსაკუთრებით კი გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებებში. კვლევებმა აჩვენა, რომ რუსული პროპაგანდა უარყოფით გავლენას ყველაზე ხშირად სწორედ კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებლებზე ახდენს.

NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებში (რომელიც მოსახლების განწყობების გამოკვეთას ეხება)კითხვაზე, სად უნდა გაწევრიანდეს საქართველო, ევრაზიულ კავშირში თუ ევროკავშირში, 60% ევროკავშირს პასუხობს, ხოლო 29% ევრაზიას. ეს შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა გორელ ჟურნალისტ, გოგა აფციაურისთვის რომელსაც გამყოფ ხაზთან მაცხოვრებლებთან შეხვედრა პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უწევს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მაღალია ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, არადა ამ რაიონში წესით ყველაზე მეტად უნდა ახსოვდეთ რას აკეთებდა რუსული არმია 9 წლის წინ. არ ვფიქრობ რომ ეს უბრალო გულმავიწყობის ბრალია. ამ სტატისტიკას აქვს ლოგიკური ახსნა. 1- რუსეთი ყოველდღიურად ძალის დემონსტრაციას ახდენს რეგიონში სამხედრო სწავლებებით და ბორდერიზაციის პროცესით. 2 - პარალელურად ორგანიზებულად მუშაობს ეგრეთ წოდებული რბილი ძალის პრინციპი, როცა ფინანსური რესურსებით და ანტიდასავლური პროპაგანდით ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია. 3- საზოგადოების ნაწილი ისევ საბჭოური ნოსტალგიით არის შეპყრობილი და სწორედ ეს ქმნის მყარ მითს კრემლის უძლეველობის და ამავე დროს კეთილშობილების შესახებ. ამ სამეულის ჯაჭვი კი გვაძლევს იმ შედეგს რა შედეგიც დაიდო.“-ამბობს გოგა აფციაური.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვევის (რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე) შედეგებით კი რუსული პროპაგანდის მთავარი წყარო ადგილობრივი მედიაა.

ამავე მოსაზრებას ადასტურებს, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის – შედეგებიც. „ანტიდასავლური რიტორიკა ქართულ მედიაში, ხშირად ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში ისმის,“ – ნათქვამია კვლევაში.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს,
რომ საქართველოში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, გაცილებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქართულენოვანი მედია, რომელიც იმეორებს რუსულ ნარატივს და აქცენტირებულია ქართულენოვან მოსახლეობაზე.

„ვხვდებით ორი ტიპის მედიასაშუალებებს, ერთნი, რომლებიც ღიად ახდენენ რუსული წყაროების იდენტიფიცირებას და მეორენი, რომლებსაც ეთნონაციონალისტური შეფერილობა აქვთ“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.
„მეინსტრიმულ მედიას კი, გავრცელების დიდი არეალით, კვალიფიციური კადრების პრობლემა აქვს. ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, კრიტიკულად აღიქვან ნებისმიერი საეჭვო წყარო, გადაამოწმონ ინფორმაცია და კვალიფიციური ოპონირება გაუწიონ იმ ჯგუფებს, რომლებიც კრემლის პოზიციას ახმოვანებენ“, – ამბობს ის.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქარველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონის განმარტებით, ევროკავშირის ალტერნატიული კურსის მხარდაჭერაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ეკონომიკურ ფაქტორს, რაც მოსახლეობის მსგავს არჩევანს განაპირობებს.

იგი იქვე აზუსტებს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს. ევროკავშირის მომხრეების აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, ნატოს მხარდამჭერები კი თავის არჩევანს უმეტესად უსაფრთხოების გარანტიებით ხსნიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აპატარში ამბობენ, რომ ხელისუფლების მთავარ ამოცანაა არ დაუშვას საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა სიტუაციის ესკალაცია, ტერიტორიების დაკარგვა, ერთი დაღუპული არ გვყავს საომარ მოქმედებებში, ერთი დამატებითი დევნილი არ შეგვმატებია. ძალიან ბევრი ჩამოდის დასასვენებლად ცხინვალიდან. თბილისი გახდა მათთვის მნიშვნელოვანი, ევროპული ტიპის ქალაქი. ბევრმა დაიწყო ფრენა უცხოეთში თბილისიდან, ბევრმა დაიწყო ქართული პასორტების აღება. ვიზალიბერალიზაცია მე მჭირდება აფხაზებისა და ოსებისთვის. აი ეს მიღწევებია ჩვენი პასუხი -. განმარტავენ უწყებაში.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შიდა ქართლის რეგიონიდან, რუსულ პროპაგანდის უარყოფითი გავლენის შერბილებას მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიით ცდილობს.

ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები კონფლიქტის ზონის სოფლებში თავისი ინიციატივით ხშირად აწყობენ შეხვედრებს და მცხოვრებლებს ევროპული ქვეყნებისა და ევროკავშირის შესაძლებლობებზე უამბობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლ-ოსის ხელმძღვანელის, მეგი ბიბილურის აზრით, რუსული პროპაგანდის გავლენის შემცირება შესაძლებელია, თუ საქართველო რუსეთის რბილ ძალასთან ბრძოლის ევროპულ გამოცდლებას გაიზიარებს.
„ევროპა დღესაც იმყოფება მსგავს ბრძოლაში რუსეთთან. რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად აფინანსებს მემარჯვენე რადიკალურ ძალებს ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, ტოლერანტობას და შემწყნარებლობას. ევროპული საზოგადოება რუსულ პროპაგანდას დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერით და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებით უპირისპირდება“.

ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლები პრობლემის მოგვარების მიზნით გასაღებს განათლებაში ხედავენ. მათი ზრით ახალგაზრდებთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მათი ინფორმირებულობის მიზნით. ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისი სიკეთეების შესახებ თითოეული ადამიანისთვის. მანამდე კი კრემლი დეზინფორმაციებით კვლავ აგძელებს გავლენების მოპოვებასა და ხალხით მანიპულირებას მათი შეცდომაში შეყვანის შედეგად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები