ახალი ამბები
ავტობანზე ტრაგიკული ავარიის მიზეზად დისტანციის დაუცველობა დასახელდა
სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც ავტობანზე, მარჯვენაზე ზოლში მდგომ ტრაილერს შეეჯახა, 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. აქედან, 4 წელს საპატიმროში გაატარებს, ხოლო ორი პირობითად ჩაეთვლება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ, რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ, მიიღო.

შემთხვევა თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, 85-ე კმ-ზე, სოფელ რუისთან 21 ივნისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, - დაშავდა.

,,დაახლოებით 17:30 საათზე, გორის რაიონის ტერიტორიაზე, ,,მერსედეს ვიტოს’’ მარკის მიკროავტობუსით თბილისის მიმართულებით მოძრავმა გ. ო-მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არ უზრუნველყო სათანადო დისტანციის დაცვა მის წინ მიმავალ ავტომობილთან და შეეჯახა მარჯვენა მხარეს სარეზერვო ზოლში გაჩერებულ ,,ივეკოს’’ მარკის სატვირთო ტრაილერს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ,,მერსედეს ვიტოს’’ მარკის ავტომობილის ორი მგზავრი, ორმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო კიდევ ორმა - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება." - აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.

პროკურორმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის განსაზღვრა მაქსიმალური ვადით მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ - შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

,,მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მისი ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა გამახვილდეს დამდგარ შედეგზე, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები. ასეთ სიტუაციაში საშეღავათო პირობების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები