ახალი ამბები
ოტრევთან მომხდარი ,,მწვანე ბანერის" დაცხრილვის ფაქტი ერგნეთში განიხილეს
ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტები განიხილეს. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია აღნიშნული. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა აღნიშნა, რომ ბანერების დაცხრილვის ფაქტებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.

მისი განმარტებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გამყოფ ხაზთან ვითარებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არ ჰქონია ადგილი რაიმე ექსცესებს. თუმცა, ჯიოევმა ყურადღება სოფელ ქვემო ოტრევთან მომხდარ ფაქტზე გაამახვილა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაცხრილეს.

ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრევი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქერესა და ფლავს ემიჯნება.

სადამკვირვებლო მისიამ მხარეებს მოუწოდა, მსგავსი შემთხვევების დროს, აქტიურად გამოიყენონ ,,ცხელი ხაზი", ასევე, ოსურ მხარეს სთხოვეს ინფორმაციის დროული გაზიარება რუსეთის სამხედრო ძალების მიერ წვრთნების ჩატარების შესახებ.

დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 84-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც რეგიონში 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 24 იანვრამდე დაფიქსირდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წელს, ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარებული და მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობის საკითხს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ე.წ. ”ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესით გამოწვეული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 1 მარტს გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები