ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციაში 6 თვეში ტონანახევარი მარგებელი წყალი დალიეს
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 6 თვეში ტონანახევარი წყალი დალიეს. ამის შესახებ ის დოკუმენტები ამტკიცებს, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია.

კომპანია ,,ჰერმესისგას“ ყოველთვიურად გუბერნია 480 ბოთლს (0,5 ლ, ,,ბაკურიანი“) ყიდულობს. წყლის ყოველთვიური შესყიდვა, ბიუჯეტის ხარჯზე და თანაც ამ რაოდენობის, 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და ზამთრის თვეებში არ შემცირებულა. თუკი, პირველ თვეს 360 ბოთლი შეიძინეს, ივლისიდან მისი რაოდენობა 480-მდე გაიზარდა.

არითმეტიკული გაანგარიშებით, ყოველდღიურად, 16 ბოთლი სასმელი წყალი იხარჯება. შესყიდული ყველა ბოთლი, მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ნახევარლიტრიანია.

შიდა ქართლის გუბერნიაში ოფიციალურად 33 თანამშრომელი მუშაობს. გარდა სასმელი წყლისა, ყავას და ჰიგიენურ საშუალებებს, ასევე, ბიუჯეტის ხარჯით ყიდულობენ. თითოეული ადამიანის ხელფასი 600-დან 2700 ლარამდე მერყეობს.

„ბაკურიანი“ დაბალმინერალიზებული წყალია. მისი მწარმოებელი კომპანიის ცნობით, კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის მინიმალური კონცენტრაციით ხასიათდება. ის აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და შედეგად მისი დამლევი თავს კარგად იგრძნობთ.

სოფლები, სადაც სასმელი წყალი არაა



ხურვალეთი: ზედა ხურვალეთში სასმელი წყალი მღვრიე მოდის. ჭაბურღილიდან მოსახლეობას გრაფიკით, დილით მიეწოდება. ფოტოზე სწორედ ხურვალეთის მკვიდრი ჩანს, რომელსაც წყალი სახლში მიაქვს. ხურვალეთელები ამბობენ, რომ ამ წყალს იყენებენ როგორც სასმელად, ასევე, სახარჯად.



ქვახვრელი: სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის პროექტი 2016 წლის ივნისიდან დაიწყო და დღემდე არ დამთავრებულა. შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ადგილობრივებს ბოლოს 2017 წლის თებერვალში დაპირდა, რომ 2017 წლის მარტში წყალი ექნებოდათ. ჭის წყალში, რომელსაც ადგილობრივები სისტემატიურად იყენებენ, ბუნებრივი მინერალები 46-ჯერ აღემატება ნორმას. ეს კი, ორგანიზმისთვის სხვადასხვა დაავადებების წინაპირობაა.



ცხავერი:ოფელ ცხავერში, სადაც 30-მდე კომლი ცხოვრობს, სასმელი წყალი ზაფხულშიც არაა. ერთადერთი ონკანი, აგარაკად გამოყენებულ, ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლთან მუშაობს, რომლის ვინაობას ადგილობრივები არ ასახელებენ. მთიანი დასახლების გამო, მანძილი ამ ონკანსა და სახლებს შორის, საკმაოდ დიდია. ზამთარში კი, ცხავერელები თოვლს ადნობენ.



კუდუხანთუბანი: კუდუხანთუბანში სასმელ წყალს მეზობელი სოფლის პანტიანის წყაროებიდან ეზიდებიაან. ზაფხულში ოჯახების რაოდენობა იზრდება. პრობლემა ისაა, რომ სასმელი წყლის რეზერვუარი იმაზე დაბლაა გაკეთებული, ვიდრე წყლის მილებია. დებეტი კი იმდენი არაა, რომ წყალი თვითდინებით წავიდეს. სოფლის წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ სისტემა არასწორად დაამონტაჟეს.




ოფიციალური ინფორმაციით, სასმელი წყლის ბოთლებს, გუბერნიაში სტუმრების დასახვედრადაც იყენებენ. ადმინისტრაციის ცნობით, 6 თვეში გუბერნიას ოფიციალურად, მხოლოდ ორი მცირერიცხოვანი დელეგაცია ეწვია. გორის მერიაში ამბობენ, რომ მათ სტუმრებს საკუთარ წყალს ახვედრებენ. მერიაში ძირითადად ,,სნოს" იყენებენ, გუბერნიაში ,,ბაკურიანს".

Print

სტატიის გამოყენების პირობები