ახალი ამბები
ბაყაყის ექსპორტის მიზნით კომპანია სერთიფიკატის აღებას ითხოვს
კომპანია, რომლის სახელწოდებას სურსათის ეროვნული სააგენტო ჯერჯერობით არ ასახელებს, ბაყაყის ექსპორტისთვის სერთიფიკატის გაცემას ითხოვს. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სერთიფიკატის გასაცემად სააგენტომ მუშაობა ნოებრიდან დაიწყო და ჯერ არ დაუმთავრებია.

ექსპორტის დროს გამოსაყენებელ ვეტერინარულ სერტიფიკატს სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.

სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარედგინება ცხოველთა მარშრუტის გეგმა. ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში – დაჭერის ადგილები) და მათი სახეობის, სქესის, ჯიშის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ,,საქსტატის" ცნობით, საქართველოდან დიდი რაოდენობით ბაყაყი 2009-2010 წლებში გაიტანეს. იმ პერიოდში ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგან ექსპორტიორ კომპანიებს შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდათ.

2009 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 250 ათას 500 ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი განხორციელდა, რამაც მთლიანობაში 4 ათას 175კგ შეადგინა. ფულად თანხაში ამ ციფრმა 14 612 დოლარი შეადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები