ახალი ამბები
გორის სამხედრო სამსახურში წვევამდელთა 60%-ი ექიმებმა დაიწუნეს
გორის მუნიციპალიტეტში, საგაზაფახულო და საშემოდგო გაწვევის დროს, ,,უვარგისის“ სტატუსი 425 ჭაბუკს მიანიჭეს. ამის შესახებ სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წლიური ანგარიშის მიხედვით გახდა ცნობილი.

სულ 2017 წელს გორიდან აღრცხვაზე 709 ჭაბუკი გაგზავნეს. აქედან, 425 (60%) არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გამო, უკან გამოუშვეს.

სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ცნობით, ,,შეზღუდული უვარგისის" სტატუსი 235-მა წვევამდელმა, ,,დროებითი უვარგისის" სტატუსი - 153-მა, ხოლო სამხედრო სამსახურისთვის ,,საერთოდ უვარგისის" სტატუსი - 37-მა წვევამდელმა მიიღო. ჯამში - 425.

გადავადების მოსაკრებელი მხოლოდ 17-მა (თითო 2 ათასი ლარის ოდენობით) გადაიხადა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ წვევამდელთა ნაწილი, მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილებისა, სამხედრო სამსახურში გამოცხადებას თავს არიდებდა. არ გამოცხადდა 495 წვევამდელი. მათი სია პოლიციას გადავეცით, რომელთა დახმარებით გამოცხადდა 235 წვევამდელი. სასამართლოს კი, 48 წვევამდელის საქმე გადავეცით,“ - აღნიშნავს სამსახურის უფროსი.

გორის სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე, 1000-1000 ლარიანი ჯარიმა 16 წვევამდელს დაეკისრა. დანარჩენი საქმეების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები