ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრი გასააქტიურებლად ,,ქართლოსს" გადაეცა
სკრის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრს გორის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსს" გადასცემს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ,,ქართლოსი’’ ახალგაზრდული გარემოს გაუმჯობესების კუთხით, აქტიურად თანამშრომლეობს გორის მუნციპალიტეტთან. შესაბამისად მერს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სათემო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციას ერთი წლის ვადით დაუთმოს.

,,ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდების განვითარებას და რესოციალიზაციას." - აღნიშნავენ მერიაში.

,,ქართლოსის" ხელმძღვანელი მეგი ბიბლური ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება არაფორმალურ განათლებას მიექცევა.

,, ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული მუნიციპალიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სათემო ცენტრი დროებით გადმოგვცა. ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივ ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების კუთხით. ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების კლუბი, ინგლისური ენის კლუბი და ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. “- განმარტავს ორგანიზცია ,,ქართლოსის” ხელმძღვანელი მეგი ბიბილური.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ დევნილთა დასახლებებში რამდენიმე სათემო ცენტრი უფუნქციოდაა დარჩენილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები