კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოს სამი მფლობელი
დააკავეს.
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ისინი, სხვისი სასაქონლო ნიშნის
გამოყენებით, დიდი ოდენობით სარეცხ საშუალებებს ამზადებდნენ.
,,საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის
მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების -
„ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის
წარმოებისთვის დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული
გამოიყენებოდა." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე
სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ
ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი
საშუალება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
სტატიის გამოყენების პირობები