ახალი ამბები
ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით ეჭვიანობის ნიადაგზე

 

63 წლის ფრიდონი, ამჟამად, დაზარალებულია. ბრალდებულად ცნობილი ავთანდილი კი პოლიციას ფრიდონის ბრალდებულად ცნობასაც ითხოვს. ჯერ-ჯერობით, უცნობია, გამოკვეთავს თუ არა შიდა ქართლის პროკურატურა, აღნიშნულ საქმეში, ორივე პირის ,,ბრალეულობას და დაზარალებულობას" ერთდროულად.

 

ორივე მათგანი 1951 წელსაა დაბადებული. გორის ბაზარში ერთად მუშაობდნენ, ერთი მანქანით მოძრაობდნენ და ერთადაც ქეიფობდნენ ხოლმე. მეგობრებს შორის უთანხმოება ერთ-ერთი მათგანის მეუღლეზე ეჭვიანობამ გამოიწვია.

 

ერთ-ერთი ქეიფის დამთავრებისას ფრიდონმა მეუღლეს სთხოვა, რომ მისი მეგობარი კარებამდე გაეცილებინა, რადგან თვითონ საკმაოდ ნასვამი იყო.

 

,,სტუმრის გაცილების შემდეგ ჩემი მეუღლე სახლში შეშინებული მობრუნდა. მიზეზი ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, მეუღლე, კვლავ, დაღონებული და ჩაფიქრებული დამხვდა. მითხრა: სახლის კარები კარგად ჩაკეტე, მგონი, ღამღამობით ჩვენს ეზოში ვიღაც დადის ხოლმეო. ვიფიქრე, მეუღლეს ეჩვენება მეთქი. იმ ღამეს რაღაც ხმა მომესმა, ავდექი და რას ვხედავ. ავთანდილი ჩემს სახლში შემოსულიყო შუაღამისას, ბატარეას ანათებდა და რას ეძებდა, ვერ გავიგე.. შემდეგ კი ცოლმა გამიმხილა, რომ რამდენიმე დღის წინ, ავთანდილს უთქვამს, ძალიან მშრომელი ქალი ხარ და ძალიან მომწონხარო." - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.

 

ამის შემდეგ ფრიდონმა ავთანდილს უთხრა, თუ რატომ აკადრა ეს სიტყვები მის მეუღლეს. ავთანდილმა უპასუხა, რომ ნასვამი იყო და მომხდარს ნანობს. ფრიდონის მეუღლეს ბოდიშიც კი მოუხადა.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ ფრიდონი ნაკვეთში მიდიოდა. ,,უკნიდან მომესმა ავთანდილის ლანძღვა-გინების ხმა. რომ მოვიხედე, ნიჩაბი დამარტყა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. სისხლი მდიოდა. მე ხელში წალდი მეჭირა. წამაქცია. ის ხელი დამიჭირა, რომელშიც წალდი მეჭირა. მეორე ხელით კი სახეში და თავში მირტყავდა. როგორღაც მეც მოვახერხე და თავში ჩავარტყი და თავი გაუტყდა. კიდევ კარგი მეზობელი მოვიდა, თორემ შემომაკვდებოდა ეს ვაჟბატონი. მეც სულ გასისხლიანებული ვიყავი" - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.

 

ბრალდებული ავთანდილ ვ-შვილი პატიმრობაში არ იმყოფება. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა ბრალდება და გირაო აქვს შეფარდებული. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ცემაში აქეთ ადანაშაულებს ფრიდონს. საჩივარი უკვე შესულია პოლიციაში.

 

16.10.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები