ახალი ამბები
დასკვნა: წინარეხში სასმელი წყალი ხელოვნურად იმღვრევა

 

ზურაბ ბარჯაძე, კომპანიის დირექტორი, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა 2014 წლის 15 ოქტომბერს დაიბარა. შეხვედრაზე სოფლის წარმომადგენელი ზაზა მარჯანიძეც იმყოფებოდა. ასევე ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი. ფაქტობრივად, ერთმანეთის გვერდით და პირისპირ ის ხალხი იჯდა, რომლებმაც 2014 წლის დასაწყისში მასშტაბური პროექტის დასრულების მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერეს ხელი.

 

,,საოცრებაა ეს წინარეხი" - ასე დაიწყო საუბარი კომპანიის დირექტორმა. ამ საოცრებაში ის, არა თუ ტყის მასივში ჩაფლულ სოფელს, არამედ იმ კამპანიას გულისხმობდა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ამ სასმელი წყლის გარშემო ტრიალებს.

 

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, წინარეხის ონკანებში წყალი სამჯერ აიმღვრა. მოსახლეობას იმდენად ბინძური სითხე მიუვიდა სახლებში, რომ ბევრი ამის შემდეგ, ამავე ონკანებში მოსულ სუფთა წყალსაც კი ვეღარ სვამს.

 

,,პირველად რომ აიმღვრა, ეს, მართლაც, ჩვენი ბრალი იყო. მდინარე კავთურა ადიდდა. რადგან უკუკლაპანი არ გვქონდა დაყენებული, რეზერვუარში მდინარის წყალი შევიდა. ეს იყო ჩვენი უყურადღებობის და დაუდევრობის ბრალი. გავაკეთეთ და გამოსწორდა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ აიმღვრა წყალი. თითქმის მთელი სისტემა ხელახლა გადავამოწმეთ. რამდენიმე ადგილზე ვნახეთ, რომ მილებია გადაჭრილი.  როცა უკვე დაჭაობდა და, ამის გამო, შეწუხდნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღეს ხმა, გვიჭაობდებაო. წყალმეჩხერობის პერიოდში მილებში წყალი უკან ჩავიდა, ეს დაჭაობებული წყალი მილებში შევიდა. ამიტომ იყო, რომ სისტემაში ბინძური წყალი დატრიალდა" - განაცხადა ზურაბ ბარჯაძემ.

 

მისი თქმით, ასეთი ,,ამოჭრილი" ადგილები ხუთგანაა ნაპოვნი.

 

კომპანიის დირექტორსა და სოფლის წარმომადგენელს შორის კამათი ერთმა დეტალმა გამოიწვია.  ზაზა მარჯანიძემ კომპანიის დირექტორს უთხრა, რომ არ იყო სასურველი სასმელი წყლის სათავე და რეზერვუარი საქეიფო ადგილების სიახლოვეს მოეწყოთ. სოფლის წარმომადგენლის თქმით, საქეიფო ადგილებზე დატოვებული ნაგავი სასმელ წყალში იყრება. კომპნიის ხელმძღვანელის თქმით, საქეიფო ადგილებიდან წყლის სათავემდე კილომეტრი მანძილია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები