ახალი ამბები
,,ფულიანი" დეპუტატები ,,უფულოების" უკან

 

 

საქმე იმაშია, რომ 2013 წლის იანვრის დადგენილების მიხედვით, ყველა დეპუტატი 500 ლარს, ყოველგვარი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, იღებდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით კი, ყველა ხარჯს თავისი დამადასტურებელი ქვითარი, ჩეკი, ზედნადები ან სხვა რაიმე ფინანსური დოკუმენტი ჭირდება. წელიწადნახევრის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატები 500-500 ლარს ისე იღებდნენ, მისი დახარჯვის შემდეგ, მსგავსი დოკუმენტის წარდგენას არავის სთხოვდნენ.

 

,,ფულს რომ უყაირათოდ იღებდით, ახლა გაეცით ამ კითხვაზე პასუხი ამ დეპუტატებს" - უთხრა დღევანდელ სხდომაზე ,,ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა მანუჩარ მერებაშვილმა საკრებულოს წევრს, ამავე კოალიციიდან, ხათუნა თათანაშვილს, რომელიც 2013 წლიდან 2014 წლის 15 ივნისამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მანუჩარ მერებაშვილმა თანაგუნდელს 2013-2014 წლის მიჯნაზე საახალწლო პრემიებიც შეახსენა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური გამოძიებაც კი აწარმოა. დეპუტატებმა საახალწლოდ თითქმის სამმაგი ოდენობის თანხა - ხელფასი, პრემია, სარგო - მიიღეს.

 

2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი საკრებულო ახალ დადგენილებაზე მუშაობს. ახალი დადგენილების პროექტის მიხედვით 500 ლარს, ხარჯის სახით, მხოლოდ ის დეპუტატები მიიღებენ, რომლებსაც სხვა შემოსავალი არა აქვთ და თანამდებობებზე არ მუშაობენ. უფრო კონკრეტულად, არ არიან ფრაქციის ან კომისიის თავმჯდომარეები, ასევე ამ თანხას არ მიიღებს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სწორედ ამ ახალი რეგულაციების უკან ვახტანგ ბეჟიტაშვილი გუბერნიას ხედავს.

 

ახალი პროექტის შემუშავება კი 3 თვეა ხორციელდება. საგანგებოდ, გორიდან იურისტ-კონსულტანტიც კი მიიწვიეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამ ახალ პროექტს საკრებულოს წევრები ჩაგდებით ემუქრებიან, რადგან ხელფასიანი დეპუტატები (კომისიების და ფრაქციების ხელმძღვანელები) კულუარებში არაანაზღაურებად დეპუტატებს აქეზებენ.

 

ეს დილემა გორის რაიონის საკრებულოში დაძლიეს. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ოქტომბრიდან, 500 ლარის ოდენობის ხარჯს, გორის რაიონის საკრებულოში, მხოლოდ, უხელფასო დეპუტატებს მისცემენ. მანამდე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ამ საკითხზე ხელფასიან დეპუტატებს ესაუბრა. ისინი დაჟინებით ამბობდნენ, რომ ხელფასი 1200 ლარი არ ჰყოფნით, თუნდაც მიმოსვლისთვის და თუნდაც ამომრჩეველთან შესახვედრად.  

 

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უხელფასო დეპუტატები 500 ლარს ანაზღაურების სახით მიიღებენ. ამ შემთხვევაში მათ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა აღარ დაჭირდებათ. ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ ხელფასიანი დეპუტატები დამატებით 500 ლარს, საბოლოოდ, გამოემშვიდობებიან.  

 

2013 წლის 18 იანვრის დადგენილების ამოქმედების საკითხი როგორც კი დააყენეს, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ბუღაძემ სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა. მისი განცხადებით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ შედიოდა. საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებამ ხმაური გამოიწვია. ,,თუ გინდათ ჩემი იმპიჩმენტი დააყენეთო" - განაცხადა ნუგზარ ბუღაძემ. საბოლოოდ, საკითხი ვერ გავიდა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურები განხორციელდა.

 

უხელფასო დეპუტატებს კი 500 ლარი ჭირდებათ. ,,ლეიბორისტული პარტიის" წევრს ოთარ ქოსაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი სახსრებით უწევს. ამისათვის მან ვალებიც კი აიღო. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები