ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკაში აღიარებენ, რომ პატიმრის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს
ცხინვალში 35-წლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის მხრიდან დამატებით ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს. ცხინვალის ,,კგბ"-ს მტკიცებით, მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რადგან იზოლატორში გადაყვანის დროს, ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა.

რაც შეეხება სხეულის მრავლობით დაზიანებებს, ,,კგბ"-ს მტკიცებით, დაკავებულს კიბეზე ფეხი დაუცდა და დაგორდა. ასევე, ასახელებენ მობილურ ტელეფონს,სადაც სამხედრო ბაზების ფოტოები აღმოჩნდა.

დღეს, დილით, ცხინვალის მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში, გულის უკმარისობით, გარდაიცვალა.

დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი საქართველოს სამხედრო ძალების წარმომადგენელი და, ამავე დროს, საქართველოს შს სამინისტროსთან დაახლოებული პირი იყო.

,,1983 წელს დაბადებული არჩილ. ტ-შვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში 2004-2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ცხინვალის პროკურატურამ მას ,,გენოციდის" ბრალდება წაუყენა, რადგან  ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დივერსიის მოსაწყობად იყო გადასული" - აღნიშნულია რუსულენოვან საიტებზე.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით კი, გარდაცვლილი, ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის მკვიდრი იყო. ამავე წყაროს ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან შელაპარაკება მოუვიდა დე-ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებთან. შემდეგ კი, იგი ორ პირთან ერთად, დააკავეს.

,,ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 23 თებერვალს აცნობა წყარომ ოკუპირებული ახალგორიდან. წყაროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი უპრობლემოდ კვეთდა ახალგორთან არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. რაც შეეხება დე ფაქტო უშიშროების კიმიტეტის განცხადებას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასა და ოსების გენოციდთან კავშირში, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დროს სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. წყაროს ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს" - წერს რადიო თავისუფლება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები