ახალი ამბები
,,სუს": საჭიროა გარდაცვლილის დათვალიერება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის თანამშრომლების მიერ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.

ამის შესახებ ,,სუს"-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღიშნული. მათი ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

რუსულენოვან საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემოთ ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები