ახალი ამბები
,,აღიარებული" იურისტი მუნიციპალიტეტიდან დაითხოვეს - ,,კარგად ბრძანდებოდეთ"

 

,,მირჩიეს, რომ ცნობილ და აღიარებულ იურისტთან, როგორც კონსულტანტთან გაგვეფორმებინა ხელშეკრულება" - გვითხრა 2014 წლის სექტემბერში რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა. თავზარაშვილი მის გათავისუფლებაზე საერთოდ არ ფიქრობდა. კოტე თავზარაშვილი არ ასახელებდა იმ პიროვნების ვინაობას, ვინც ბალახაშვილის დაქირავება ურჩია. ბალახაშვილი 2010 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის იურისტ-კონსულტანტიც იყო.

 

ბალახაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს, თუ რამდენი პროექტი ჩავარდება საკრებულოს სხდომებზე. მაგალითად, ქარელის საკრებულომ ისე მიიღო ეკონომიკური სამსახურის დებულება, რომ დოკუმენტში სამსახურის ფუნქციები არ ეწერა. ახალი საკრებულოების შეკრებიდან 3 თვე ისე გავიდა, რომ ვერ დამტკიცდა, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების, კერძოდ, 500 ლარის გაცემის და მისი ხარჯვის წესების შესახებ, დებულებები. 1200 ლარიან-ხელფასიანი დეპუტატები დღემდე ვერ თმობენ იმ ამბიციას, რომ უხელფასო დეპუტატებს 500 ლარი ხარჯის სახით,  მისცენ. ,,მარტო მაგათ რომ აიღონ 500 ლარი, ეს დეპუტატების დისკრიმინაციააო" - სხვა და სხვა იურისტების მეშვეობით ამ ფრაზით მანიპულირებენ 1200 ლარიანი და ზოგ შემთხვევაში ბიზნესმენი დეპუტატები.

 

ვანო ბალახაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის ინიციატივით ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში გამოვიდა. საქმე ეხება მუნიციპალიტეტში ,,საქმიან და მუშა თათბირებზე" qartli.ge-ს ჟურნალისტების არდაშვების ფაქტებს. 2010 წლის მოწვევის საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად, მხოლოდ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ექმნებოდათ პრობლემები. ამის შესახებ უამრავი ვიდეო 2008, 2009, 2010 წწ-ში დაიდო. 2013 წლის დასაწყისში საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ვანო ბალახაშვილს სპეციალური დოკუმენტის მიღება დაავალა, სადაც ჩაწერილი იქნებოდა, რომ ჟურნალისტებს  ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ.

 

საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აღმოაჩინა, რომ დადგენილების პროექტში ,,ჟურნალისტის ჩარჩოებში" მოქცევის მცდელობის მუხლი იყო ჩამატებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში არა თუ თავისუფალი გადაადგილება იყო გათვალისწინებული ჟურნალისტისთვის, არამედ,  მხოლოდ, ერთ ოთახში კომპიუტერის და კლავიატურაზე თავისუფლად წვდომის უფლება ექნებოდა. ადგილობრივი ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ ეს მუხლი საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ამოიღეს.  არსებობს ვიდეო-მასალა, სადაც იურისტ-კონსულტანტი ამ მუხლის ამოღების წინააღმდეგი იყო.

 

ამ ეტაპზე სხვა მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებები,  ,,იურისტ-კონსულტანტთან" ხელშეკრულებების არგაგრძელების შესახებ,  უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები