ახალი ამბები
საქართველოში Google Hash Code-ის გუნდური შეჯიბრი გაიმართება
დღეს, 1 მარტს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით თბილისში Google Hash Code-ის საერთაშორისო შეჯიბრის ჰაბი გაიხსენბა. შეჯიბრი თბილისში უკვე მესამედ ტარდება. წელს Google Hash Code-ს თსუ-ს ფარგლებში არსებული საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით საქართველოში Google Hash Code-ის საერთაშორისო შეჯიბრი მესამედ ტარდება

Google Hash Code არის გუნდური შეჯიბრი პროგრამირებაში სტუდენტებსა და პროფესიონალებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით
, რომელიც ითვალისწინებს ინჟინრული ამოცანის რეალურ დროში გადაჭრას. 2018 წელს Google Hash Code-ის დაახლოებით 630 საკონკურსო ცენტრი გაიხსნა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, რაც წინა წელს დარეგისტრირებული ჰაბების რაოდენობას ორჯერ აღემატება. კონკურსი საქართველოში პირველად 2016 წელს ჩატარდა, აგრეთვე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით. წელს კონკურსს SDSU-საქართველოს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი .SYSTEM უწევს ორგანიზებას.

თბილისის ჰაბში უკვე დარეგისტრირდა დაახლოებით 200 პროფესიონალი და სტუდენტი, მათ შორის თითქმის 50% გოგონაა. მონაწილეები 4 საათის განმავლობაში იმუშავებენ Google-ის მიერ მოცემულ საინჟინრო ამოცანაზე, შემდეგ კი გაგზავნიან პასუხებს საკონკურსო სისტემაში. გამარჯვებულების ვინაობა მარტის დასაწყისშივე გახდება ცნობილი.

კონკურსის მონაწილეები რეგისტრაციისას ასევე აგზავნიან თავიანთ რეზიუმეს, კომპანია Google-ის დაინტერესების შემთხვევაში კი მათ შესაძლოა თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღონ. STEM (Science, Technology, Engineering, Math) დარგების განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. Google Hash Code-ის ტიპის კონკურსები მონაწილეებს აძლევს დიდ გამოცდილებას და პროფესიული განვითარების მოტივაციას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები