ახალი ამბები
,,როცა ჩემს დავალებებს არ შეასრულებენ, მაშინ გავათავისუფლებ" - რა ხდება ქარელის აიპიებში

 

კულტურული დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ლეილა ნადირაშვილი კი თანამშრომლებს განცხადებებითურთ დღეს დილით ელოდებოდა. თუმცა  განცხადების ავტორების ნაცვლად კაბინეტში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები მიადგნენ.

 

საქმე იმაშია, რომ 2014 წლის აგვისტოდან ,,აიპიები" მუნიციპალიტეტის გამგეობას დაექვემდებარა. მანამდე ორგანიზაციებს, უშუალოდ, საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. სტრუქტურული ცვლილებისთანავე აიპიების წესდებაში შევიდა ცვლილება, რომ თანამშრომლების აყვანა ხელშეკრულების საფუძველზე მოხდეს.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ინგა ეკალაძე გვეუბნება, რომ ახალი წესდება ძველ შტატიან თანამშრომლებს  შრომითი ურთიერთობის შეცვლას არ ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიოსანი თანამშრომელი შტატში უვადოდ დარჩება. 

 

,,შტატიანი თანამშრომლების ხელშეკრულებაზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს პირადი განცხადების საფუძველზე. თუ პირადი განცხადებები არ იქნება, მაშინ ეს უშუალოდ აიპის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია, რა ფორმით მოახდენს ცვლილებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, აიპიებში არანაირი რეორგანიზაცია ტარდება" - ამბობს ინგა ეკალაძე. 

 

გაერთიანების მმართველს ლეილა ნადირაშვილს ჩვენი გამოჩენა არ გაუხარდა: ,,რომ მოდიხართ, წინასწარ უნდა გამაგებინოთო" - ასე დაიწყო საუბარი. შემდეგ იმ პიროვნებებით დაინტერესდა, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა. 

 

,,ყველაფერს ზევით გეტყვიან" - გვითხრა ლეილა ნადირაშვილმა. ,,ზევით" კი გამგეობა და გამგებელი იგულისხმა. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ მოხდება კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის გადახედვა, ლეილა ნადირაშვილმა გვიპასუხა, რომ ის ჩვენს მიერ დასმული კითხვებს ვერ იგებს. 

კულტურის სამსახურის თანამშრომლები პირადი განცხადებების დაწერას არ აპირებენ და, შესაბამისად, ხელშეკრულებით გადაყვანასაც საკუთარი სურვილით არ მოითხოვენ. ,,მაშინ მე მათ იცით როდის გავათავისუფლებ? როცა არ გააკეთებენ იმას, რასაც დავავალებ" - ასკვნის ლეილა ნადირაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები