ახალი ამბები
ფალსიფიცირებული ოქმი - პოლიციის თანამშრომელი კასპიდან გაითხოვეს

 

ბალხამიშვილის დაკავების ფაქტზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად წერდა. 2014 წლის 1 სექტემბერს 45 წლის ვეფხია ბალხამიშვილი პოლიციის თანამშრომელმა მამუკა ბერიანიძემ მეგობარ გოგონასგან პირად ნომერზე შესული შეტყობინების საფუძველზე დააკავა. კასპის რაიონული საავადმყოფოს ვიდეო-კამერებზეც დაფიქსირებულია, რომ დაკავება 1 სექტემბერს საღამოს 18 სთ 20 წუთზე მოხდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის საფუძველზე, რაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, ბალხამიშვილს წინასწარი პატიმრობა 3 სექტემბერს შეეფარდა.

 

2014 წლის 4 სექტემბერს, უბნის-ინსპექტორი თენგიზ ჩიტიშვილი (მამუკა ბერიანიძის მეწყვილე) ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს შემდეგი შინაარსით: ,,მ/წ 03 სექტემბერს ქ. კასპში სამედიცინო ცენტრ მედ-ალფაში დაახლოებით 18 სთ-ზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვეფხია ბალხამიშვილმა საავადმყოფოს მომუშავე პერსონალს მიაყენა შეურაწყოფა" (სტილი დაცულია). აღნიშნული ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დაიწერა.

 

დაკავების ოქმი 2014 წლის 4 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოში წარადგინეს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მოსამართლემ ვეფხია ბალხამიშვილს ჯარიმის სახით 100 ლარი დააკისრა. განაჩენში, სხვათა შორის, მოსამართლემაც ჩაწერა, რომ ბალხამიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღკვეთის ღონისძიების სახით იმყოფებოდა.

 

ბალხამიშვილის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში უკვე დაიწყო. 23 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა, რომ ბალხამიშვილის ინტერესების დამცველებთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და პროცესის სასამართლოდან განრიდების თაობაზე, მოლაპარაკებისთვის ვადა მიეცეს.

 

,,ჯერ-ჯერობით უცნობია, რა წინადადებას გვთავაზობს პროკურატურა. თუ ძალიან მოკლე პერიოდში ამას შევიტყობთ, თანახმა ვართ პროცესი დროებით გადავდოთ" - უპასუხა პროკურორის შუამდგომლობას ადვოკატმა გოგი ონიანმა. პროკურატურას წინადადებისთვის ერთი კვირის ვადა მიეცა.

 

პარალელურად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გორის რაიონული სასამართლოსთვის გაამზადებს წერილობითი მიმართვა, რომლითაც ისინი გამოძიების დასრულებამდე ბალხამიშვილის გათავისუფლებას თავდებით ითხოვენ. ეს ინიციატივა საკრებულოს წევრის ხათუნა თათანაშვილისგან წამოვიდა.

 

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელს მამუკა ბერიანიძეს, ის კასპის სამმართველოში აღარ მუშაობს და დაგვიდასტურეს, რომ მცხეთის რაიონში გადაიყვანეს.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები