ახალი ამბები
საბჭოთა სახლი გორში, სადაც სტალინის პირველი შეყვარებული გოგონა ცხოვრობდა (PHOTO)
გორის ერთ-ერთ ძველ უბანში, სკვერის ქუჩაზე 1923 წელს აშენებული სახლია. ამ სახლში, გადმოცემის მიხედვით, სტალინის პირველი შეყვარებული გოგონა ცხოვრობდა.

შენობას დღესაც შემორჩენილი აქვს წარწერა ,,1 9 2 3". ის 1921 წლის მიწისძვრას დაუნგრევია, ხოლო საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ახალი აუშენებიათ. წარწერის გვერდით, თაღებია, თაღებს ყურძნის მტევნის ორნამენტები ამშვენებს.

ამ სახლის თავდაპირველმა მეპატრონეებმა დიდი ხანია მიატოვეს სახლიც და გორიც. ამჟამინდელი მფლობელი ამბობს, რომ სტალინის პირველი შეყვარებული ქალი ამ სახლში ცხოვრობდა.

,,გოგონას თუ ოჯახს დაუწუნებია იოსებ ჯუღაშვილი. მოგეხსენებათ, ახალგაზრდობაში ხელი დაიზიანა კობამ, ამიტომ, სემინარიელი ბიჭი სასიძოდ დაიწუნეს," - ამბობს სახლის მეპატრონე.







სოსოს პირველი სიყვარულის შესახებ, დედამისის, კეკეს მემუარებში არაფერი წერია, თუმცა ეტლი რომ დაეჯახა, ეს ამბავი მოთხრობილი აქვს:

,,სოსო რამდენჯერმე გადამირჩა სიკვდილს. იყო ისეთი უბედური შემთხვევა, როცა ბავშვი ხელიდან კინაღამ გამომეცალა. მაშინ ის უკვე სკოლაში დადიოდა. საღ-სალამათი გავისტუმრე სასწავლებელში და ხელზე გადასვენებული მომიყვანეს ჩემი შვილი. თურმე გაკვეთილებიდან შინ რომ წამოსულა, დუქნის მახლობლად კოპინოვს მეორე ტროტუარიდან დაუძახია, გადმოდი, რაღაც უნდა გაჩვენოო. სოსოც ქუჩის რუზე გადამხტარა და კოპინოვისკენ წასულა. ამ დროს გამოქანებული ფაიტონი დასჯახებოდა და კინაღამ ცხენებს გადაეთელა. ბავშვი გრძნობადაკარგული მოიყვანეს. მთელი ორი კვირის განმავლობაში ენაჩავარდნილი მყავდა……დიდი ამაგი დამდო ფერშალმა, რომელმაც ექიმი ლუბომუდროვი მოიყვანა. ორივენი ყოველ დღე დადიოდნენ, მანუგეშებდნენ. შემდეგ თავისით მოვიდა ექიმი სააკოვი, ისიც კეთილი კაცი იყო. გაეგო თუ არა, ასეთი და ასეთი ბავშვი უკვდებათო, მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. არცერთ ექიმს არ აუღია გასამრჯელო. ყველანი გულწმინდად მეხმარებოდნენ და ბავშვის სიცოცხლე მაჩუქეს: სოსო მესამე კვირაში უკვე სკოლაში გავისტუმრეთ. სააკოვმა ჯიბის ფულად მანეთიანი აჩუქა ჩემს ბიჭს." (კეკეს მოგონებები, 1935 წელი)



სკვერის ქუჩა წყაროსუბანში მდებარეობს და სამეფო ქუჩას კვეთს. იქვე სასულიერო სემინარიაა, სადაც იოსებ ჯუღაშვილი (კობა) სწავლობდა. ამ ქუჩის სახელწოდება მომდინარეობს იმ სკვერიდან, სადაც ამჟამად ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შენობა" მდებარეობს.




გორელი გოგონას მიმართ ჯუღაშვილის სიყვარულის ისტორიის ამბავი, 1908 წლამდეა მომხდარი. საქართველოს შს სამინისტროს არქივში დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ ბაქოს ჟანდარმერიამ 1908 წელს აზერბაიჯანში იოსებ ჯუღაშვილი სტეფანია პეტროვსკაიასთან ერთად დააკავა, რომელიც იოსებ ჯუღაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაში იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები