ახალი ამბები
ტოივო კლაარი ბიბილოვს შეხვდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სასამართლო ექსპერტიზის გარეშე საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადასცემს. ამის შესახებ ცხინვალში მყოფ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, დე-ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ერთთვიანი ექსპერტიზა, სწორედ, ამ პრინციპის საფუძველზე ტარდება.

,,ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ სასამართლო ექსპერტიზა მიღებულია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ამიტომ, მოგვეცით საშუალება კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ" - აცხადებს ბიბილოვი, რომელსაც სააგენტო ,,რესი" ციტირებს.

დღეს, ცხინვალში, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით, იმყოფებიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოივო კლაარმა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის ცხედრის გადაცემა მოსთხოვა.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები