ახალი ამბები
პუტინის მრჩეველი ცხინვალს დაკარგული ოსების მოძებნაში დახმარებას პირდება
რუსეთის საპრეზიდენტო საბჭოს წარმომადგენელი, ადამინის უფლებების დაცვის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბროდი, დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს დაკარგული ნათესავების მოძებნაში დახმარებას პირდება.

ამის შესახებ მან სააგენტო ,,სპუტნიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დღეს, სიტუაცია შეცვლილია და ამიტომ საჭიროა ნათესავებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ:

,,სიტუაცია იცვლება, საქართველო უფრო ღია ხდება. ამიტომ, საჭიროა დაკარგული ნათესავების მოსაძებნად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვა" - ციტირებს ბროდის სიტყვებს რუსულენოვანი გამოცემა ,,სპუტნიკი". ამავე წყაროს ცნობით, ბროდი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავებს ამ საქმეში დაეხმარება.

გუშინ, ცხინვალში, 90-იან წლებსა და 2008 წლის ომის დროს, დაკარგული და დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ნათესავები შეიკრიბნენ. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ისეთივე რეაგირებას მოითხოვდნენ, როგორიც გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის შესახებ, გამოხატეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცხედარი, ექსპერტიზის ჩატარების მოტივით, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუციათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები