ახალი ამბები
ამერიკელი სპეციალისტები ფერმერებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან
,,ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია“, სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.

,,აშშ აზიურ ფაროსანას უკვე წლებია ებრძვის. პროცესი შრომატევადია, მასში კი უმთავრესი დროული მონიტორინგია. პლანტაციებში ამერიკელ ფერმერებს მავნებლის მოსაზიდი ხელსაწყოები აქვთ განთავსებული, შემდეგ ნახულობენ რა ზომისაა მწერი, რამდენი მოკვდა და ა.შ. ეს ინფორმაცია ბევრი დეტალის დაზუსტებაში გვეხმარება. ვხვდებით, რა ოდენობით და რა მასშტაბზეა გავრცელებული ბაღლინჯო. ამ ყველაფერს აკეთებს ფერმერი, შემდეგ კი ინფორმაციას სახელმწიფოს აწვდის. აუცილებელია პროცესში ფერმერებმა იაქტიურონ." - განაცხადა კომპანია TRECE Inc -ის ხელმძღვანელმა ბილ ლინგერმა. 

მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.

აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს, პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.

ამერიკელი მეცნიერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.

მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას




Print

სტატიის გამოყენების პირობები